ახალი ამბები

„გულგატეხილი ვარ, რომ აგენტების კანონი ემუქრება დამოუკიდებელ ჟურნალისტებს“ – კარდინი

16 აგვისტო, 2024 •
„გულგატეხილი ვარ, რომ აგენტების კანონი ემუქრება დამოუკიდებელ ჟურნალისტებს“ – კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოში „აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

„გულგატეხილი ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული უცხოეთის აგენტების კანონი ემუქრება დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და შეიძლება საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზა გადაუკეტოს. ეს დიდი შეცდომება იქნებოდა. ჯერ არ არის გვიანი, პარლამენტმა კურსი შეცვალოს“, – წერს კარდინი.


5 აგვისტოს რუსული კანონის ფარგლებში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი ამოქმედდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ რეესტრი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე დაემატა.

„ამ ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება“, — წერია ვებ-გვერდზე

და ყველა ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის მიერ “რუსული კანონით” დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. მსურველებს რეესტრში ორგანიზაციების მოძიებაც შეუძლიათ.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში, იუსტიციის სამინისტროს რუსული კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება) უნდა განეხორციელებინა.

ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.

შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში (3 სექტემბრიდან) წარმოეშვებათ.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.

რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი