აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეჩერება შეეხო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ტექნიკურ აღჭურვასაც. კონკრეტულად, საქმე ეხება რენტგენოსკანერებს. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამ სკანერების მიწოდება ხორციელდებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში.
“საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ეხება სტუდენტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს, სხვადასხვა ჯგუფებს – მათ შორის სოფლად – სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას”, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
აღნიშული სკანერები განკუთვნილია ბარგის შესამოწმებლად, რათა მარტივად და ეფექტიანად გამოვლინდეს აკრძალული ნივთების შემოტანის ალბათობა. მათ შორის საუბარია ნარკოტიკული საშუალებებსა და ასაფეთქებელი ნივთიერებებზე.
სკანერების მიწოდებისა და მონტაჟის შეჩერების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია ჯაფარიძემ გაავრცელა. მისი თქმით, დაფინანსების შეჩერების გამო “ეს აპარატურა ახლა იქ [ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტში] უპატრონოდ აგდია”
“[აშშ-სგან] ერთ-ერთი დახმარება ყოფილა ასეთი – ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც საბაღოც არის, ისეთი აპარატის დამონტაჟება, რომელიც შეძლებს, შეამოწმოს, მათ შორის, მანქანები. 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების ეს აპარატურა უკვე იქ არის, მაგრამ აშშ-ს შეჩერებული აქვს დახმარება და ეს აპარატურა ახლა იქ უპატრონოდ აგდია. ის, რაც ჩვენ უნდა მოგვხმარდეს, უნდა მოხმარდეს საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგად არის გაჩერებული”, – განაცხადა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.
საპასუხოდ შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის აპრილში აშშ-სგან მიიღეს საბარგე რენტგენის ინსპექტირების სამი სკანერი (RAPISCAN 628XR), რომელთა ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ისინი ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებსა და ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გაანაწილა.
შემოსავლების სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში განაწილებული სკანერები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. რაც შეეხება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, განცხადებიდან იკვეთება, რომ მისი მონტაჟი დასრულებული არ არის.
კონკრეტულად, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” “აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის”. საბაჟო პროცედურების პარალელურად კი მიმდინარეობს იქ არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, “ყაზბეგში” განთავსებულია, სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები”.
31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ “აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა”. მიზეზად მან “საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები” დაასახელა.
ამასთან, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს დახმარებას ისეთ პროგრამებსა და აქტივობებში, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.