ახალი ამბები

„ლივერპული“ მამარდაშვილში 35 მლნ-ს იხდის, „ვალენსია“ 40-ს ითხოვს — MARCA

14 აგვისტო, 2024 •
„ლივერპული“ მამარდაშვილში 35 მლნ-ს იხდის, „ვალენსია“ 40-ს ითხოვს — MARCA

„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის შესაძენად 35 მილიონ ევრომდე გაზარდა შეთავაზება „ვალენსიის“ მისამართით, სადაც ქართველი მეკარე ამ დროისთვის თამაშობს.

ახლა გადაწყვეტილება  „ვალენსიის“ მფლობელმა, სინგაპურელმა ბიზნესმენმა პიტერ ლიმ უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა MARCA ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს, გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა მიიღებენ, საბოლოო იქნება და ეს მალე უნდა მოხდეს, რადგან მხარეებს მოთმინება ეწურებათ.

„ვალენსია“ მამარდაშვილის დასათმობად 40 მილიონს ითხოვს. უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში კი, ესპანელი ჟურნალისტის თქმით, „ლივერპულის“ ინტერესი მამარდაშვილის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.

ამავე წყაროს თანახმად, აქამდე „წითლებმა“ უკვე ორი შეთავაზება გააკეთეს ვალენსიის მისამართით და ორივეზე უარი მიიღეს. ფსონი 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ეს უკვე ახლოსაა იმასთან, რასაც ვალენსიის სინგაპურელი მფლობელი, პიტერ ლიმი ითხოვს, კერძოდ- 40 მილიონს.

მამარდაშვილს ესპანური გამოცემა ევროპის აწმყოსა და მომავლის მეკარედ მოიხსენიებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ის ფასი, რასაც „ვალენსია“ მასში „ლივერპულისგან“ ითხოვს, არაა რეალური არსებული ბაზრისთვის და „ღამურები“ ჯიუტად მაინც არ თმობენ.

გამოცემის თანახმად, მამარდაშვილი, თავის მხრივ, უკვე თანახმაა, რომ ლივერპულმა ის შეიძინოს და ერთი წლით „ბორნმუთში“ გაანათხოვროს, რომ მეკარე პრემიერლიგას შეეჩვიოს. თუ ტრანსფერი საბოლოოდ შედგება, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ მთავარი მეკარე გახდება მას შემდეგ, რაც „წითლებს“ ალისონ ბეკერი დატოვებს. „ლივერპულის“ მოქმედი პირველი მეკარე, ბრაზილიელი ალისონ ბეკერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ვრცელდება ხმები 31 წლის ალისონის საუდის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე.

საფეხბურთო სამყაროში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოლაპარაკებები „ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, თუმცა მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი