ახალი ამბები

საპატრიაქროს განმარტებები ყოფილი მღვდელმთავრისა და სასულიერო პირების დაპირისპირებაზე

25 ნოემბერი, 2015 • 1602
საპატრიაქროს განმარტებები ყოფილი მღვდელმთავრისა და სასულიერო პირების დაპირისპირებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მცხეთაში, 23 ნოემბერს, გიორგობასთან დაკავშირებულ ლიტურგიის დროს, ქალის ცემის ფაქტზე გამოძიება 125–ე მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში ყოფილი მღვდელმთავრის, ილარიონ სამხარაძის ცემის ფაქტს არ ადასტურებენ. შსს–ში განმარტავენ, რომ გამოძიება მხოლოდ ქალის ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

როგორც პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, ილარიონ სამხარაძე და მისი თანმხლები ქალი ხმაურით ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას, რის გამოც ისინი მომლოცველებმა გააძევეს ტაძრიდან.

ბოტკოველის განცხადებით, ერთ–ერთმა სასულიერო პირმა ილარიონ სამხარაძეზე გააკეთა კომენტარი, რამაც ყოფილი მღვდელმთავრის თანმხლები ქალის აღშფოთება გამოიწვია. პატრიარქის მდივნის თქმით, სწორედ ამის გამო გახდა სამხარაძის თანმხლები ქალის ეკლესიიდან გაყვანა საჭირო, ხოლო ყოფილი მღვდელმთავრისთვის ხელი არავის უხლია.

“სასულიერო პირები ასრულებდნენ კვეთას. ამ დროს ტაძარში შემოვიდა მეუფე ილარიონი ერთ–ერთ ქალბატონთან ერთად. თანმხლები ქალბატონი ტაძარში მყოფ მრევლს მოუწოდებდა, რომ მოტრიალებულიყვნენ და მეუფისთვის ეცათ თაყვანი. მეუფე იდგა და კვერთხს აკაკუნებდა იმის ნიშნად, რომ ხალხს მისთვის ყურადღება მიექცია, სავარაუდოდ. გამოვიდა სასულიერო პირი და მისცა კომენტარი, რომ მღვდელთთმავარმა 80–იან წლებში ავადმყოფობის მიზეზით თვითონ განაცხადა უარი მღვდელთმთავრობაზე და პენსიაში გავიდა. ამ განმარტებების შემდეგ ქალბატონმა ატეხა იქ ყვირილი. მას არ ესიამოვნა ეს, რა თქმა უნდა, და საჭირო გახდა ამ ქალბატონის ტაძრიდან გამოყვანა. მაგრამ სასულიერო პირები თვითონ, როგორც ასეთი, ამ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ. ეს გააკეთეს მრევლის წევრებმა. ყოფილი მღვდელმთავრისთვის ხელი არავის მოუკიდია, მას ფიზიკურად არავინ შეხებია. უბრალოდ, იმის გამო, რომ ტაძარში ღვთისმსახურება შესრულებულიყო და ეს ქაოსი არ ყოფილიყო, მასაც თხოვეს, დაეტოვებინა ტაძარი. აი, ეს იყო ის, რაც ჩვენ მივიღეთ პირველწყაროსგან, ანუ ის, რაც მოხდა,” – აცხადებს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, მცხეთაში ინციდენტის დეტალების შესახებ ინფორმაცია მას თვითმხილველებისგან აქვს. ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირები არ მონაწილეობდნენ ამ ინციდენტში:

“ჩვენ გვაქვს პირველწყაროსგან ინფორმაცია, რომ სასულიერო პირმა მიუთითა, არ იყო ტაძარში საჭირო ხმაური ატეხვა. სასულიერო პირი შემოსილი იყო სამღვდელო შესამოსელში და ასრულებდა მსახურებას. ის როგორ მიიღებდა ამაში მონაწილობას? პოლიცია ეკლესიის წარმომადგენლებმა გამოიძახეს. სამართალდამცევებმა, უბრალოდ, თქვეს, რომ ჩვენ როგორ ჩავერიოთ, ყოფილი მღვდელმთავარი ყოფილაო და თქვენ თვითონ გაარკვიეთ ეს საკითხიო. ამის შემდეგ, ფაქტობრიოვად, ინციდენტი ამოიწურა. ისინი გამოვიდნენ ტაძრიდან, წავიდნენ თავის გზაზე და ამათმა ალბათ გააგრძელეს მსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია არანაირი… ჩვენ მოვიკითხეთ და უბრალოდ, მათ რეაგირება მოახდინეს იმაზე, რომ მონასტრიდან მოხდა საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება. თორემ ის, რომ იქ კონკრეტული რამე მოხდა, ამის გამო არ აღძრულა, როგორ მე ვიცი, სისხლის სამართლის საქმე.”

ambebi.ge-სთან საუბრისას ილარიონ სამხარაძის თანმხლები ქალი ნათია სირაძე აცხადებს, რომ 23 ნოემბერს, გიორგობასთან დაკავშირებული ლიტურგიისას, მცხეთაში ის და მასთან ერთად მყოფი 71 წლის ყოფილი მღვდელმთავარი ილარიონ სამხარაძე სასულიერო პირებმა სცემეს. როგორც სირაძე აცხადებს, წირვის დროს ილარიონ სამხარაძესთან მომლოცველები მივიდნენ და დალოცვა სთხოვეს, რაზეც მღვდლები გაღიზიანდნენ და ყოფილ მღვდელმთავარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ყოფილი მღვდელმთავრის თანმხლები ქალი ambebi.ge-ს უყვება, რომ მას და ილარიონ სამხარაძეს ტაძარი იძლებით დაატოვებინეს, ხოლო ეზოში ვიღაც ბიჭმა სცემა, რის გამოც თავის ტკივილები აქვს. როგორც ნათა სირაძე ამბობს, მცხეთის პოლიციის უფროსს თხოვდა მოწმეების დაკითხვას, რომლებიც მისი და ილარიონ სამხარაძის შეურაცხყოფის ფაქტს გამოესარჩლნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი არ დაკითხა.

“გვითხრა, ჩვენ დავადგენთ ვინ არის დამნაშავეო, მონასტრის წარმომადგენლებმა კი განუცხადეს, რომ მეუფე ტაძარში ყვიროდა და ამიტომ დაატოვებინეს ტაძარი. მამა გაბრიელიც ყვიროდა ტაძარში, მაგრამ მას და მეუფე ილარიონს აქვთ ამის უფლება, რადგან ისიც წმინდანია,” – უთხრა ambebi.ge–ს სირაძემ.

ნათია სირაძის განცხადებით, მან არ იცის იმ მღვდლების ვინაობა, ვისაც ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს. თმცა, როგორც ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, თუ მას აჩვენებენ იმ სასულიერო პირებს, სახეზე ყველას ამოიცნობს. სირაძის თქმით, ილარიონ სამხარაძე 17 წელი მდუმარებაში იმყოფებოდა და მას ეკლესიიდან დევნიან. მისი განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ყოფილ მღვდელმთავარს ეკლესიაში შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი