ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, განთავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობის და განთავისუფლების მიზეზების მითითებით, 2014 წელს განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით საქართველოს 207 საჯარო დაწესებულებას მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, კვლევა მოიცავს 17 სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული 45 და 16 დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, IDFI-ის ცნობით, კვლევაში შესულია საქართველოს 112 ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებიდან (საკრებულოები და გამგეობები) მიღებული მონაცემები.
როგორც IDFI აცხადებს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილები უპასუხოდ დატოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 6-მა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა და ადგილობრივი თვითმმართველობის 9 დაწესებულებამ.
“მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2014 წელს სხვადასხვა მიზეზით საჯარო დაწესებულებებიდან განთავისუფლდა 8 388 თანამშრომელი. საქართველოს 17 სამინისტროდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, ჯამში, განთავისუფლდა 1 737 თანამშრომელი, მათი უმრავლესობა- 1 225 თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. სამინისტროების დაქვემდებარებში არსებული 42 სსიპ-დან და საქვეუწყებო დაწესებულებიდან, ჯამში, განთავისუფლდა 2 832 თანამშრომელი. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან 2014 წელს სულ განთავისუფლდა 568 თანამშრომელი,” – წერია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში.
IDFI-ის ინფორმაციით, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებიდან, ჯამში, განთავისუფლდა 3 251 თანამშრომელი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან სამსახურიდან განთავისუფლების ყველაზე ხშირი მიზეზებია:
• პირადი განცხადება/საკუთარი ინიციატივა;
• შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
• სხვა სამსახურში გადასვლა;
• დისციპლინური გადაცდომა; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომელთა სამსახურიდან განთავისუფლების ყველზე ხშირი მიზეზებია:
• რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული შტატის შემცირება – 1 377 შემთხვევა;
• დაწესებულების ლიკვიდაცია – 565 შემთხვევა;
• პირადი განცხადება/საკუთარი ინიციატივა – 481 შემთხვევა;
• ხელშეკრულების ვადის გასვლა – 336 შემთხვევა.
“საჯარო სამსახურის რეფორმის მიხედვით, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ხორციელდება, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მიმოქცევა უფრო განჭვრეტადი და დაბალანსებული უნდა გახდეს. საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რომელიც პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო და 2017 წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდება. საჯარო სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო სამსახურში კარიერული პრინციპების დამკვიდრება, რაც მას თავისთავად დაიცავს ისეთი რყევებისგან, როგორიცაა მასობრივი და დაუსაბუთებელი განთავისუფლება,” – წერია IDFI-ის განცხადებაში.
საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან 2014 წელს განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge“ ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განახორციელა.