
ახალგორის ცენტრში ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას რუსი, ქართველი და ოსი პოეტების – ალექსანდრე პუშკინის, შოთა რუსთაველისა და კოსტა ხეთაგუროვის ბიუსტები. ეს ერთგვარად იმის სიმბოლიზებასაც ახდენს, რაც დღეს ამ რაიონში ხდება: ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო ცხინვალი მას აღიარებს, როგორც სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ რაიონს, რომელსაც უწოდებს ლენინგორს.
2008 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ახალგორში, რომელიც ერთ დაბასა და 116 სოფელს აერთიანებდა, 7.6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ეს რაიონი ცხინვალის დაქვემდებარებაში მოექცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილად იქცა და ისინი დღეს წეროვნის დასახლებაში ცხოვრობენ. ოფიციალური მონაცემი ახალგორში დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.
2015 წლის ოქტომბერში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა სამხრეთ ოსეთში. ბოლოს ასეთი საყოველთაო აღწერა 1989 წელს იყო ჩატარებული, რომლის მონაცემებით, მაშინ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 98 500 ადამიანი. 2015 წელს ჩატარებული აღწერის შედეგები 2016 წლის შუარიცხვებში გახდება ცნობილი. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის უფროსის ინალ თიბილოვის განცხადებით, აღწერამ მოიცვა 51 ათასზე მეტი ადამიანი მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, თუმცა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს რესპუბლიკის მასშტაბით 32 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ რეალურად რესპუბლიკაში მუდმივად დაახლოებით მხოლოდ 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს და კიდევ 5 ათასი ადამიანი, რომელიც პერიოდულად გადაადგილდება.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაბა ახალგორში 246 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა უცნობია, რეალურად რამდენი მოსახლეა ახლა აქ შემორჩენილი. სახლების უმრავლესობა დაკეტილია, ქუჩები თითქმის მუდამ ცარიელი.
აღწერის პერიოდში, რომელიც 15 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა, ახალგორელებისთვის სახლებში აღმწერებს არ მიუკითხავთ. ადგილობრივი მცხოვრებლები თვითონ აკითხავდნენ სპეციალურად გახსნილ პუნქტებს: აღრიცხვის დროს არ ხდებოდა დოკუმენტების წარდგენა, აღმწერები სიტყვაზე ენდობოდნენ მისული მოქალაქეების ნათქვამს და ისე ავსებდნენ შესაბამის გრაფებს. ასე არეგისტრირებდნენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც უკვე წლებია ვეღარ შედიან ახალგორში სპეციალური საშვების არქონის გამო, რომელსაც ცხინვალი გასცემს. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა სიაში არ შეიყვანეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩაწერის ადგილად მითითებული აქვთ თბილისი ან საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქი.
სხვათა შორის, ბოლო 7 წელია არც ერთ ბავშვს არ უწერია დაბადების ადგილად ახალგორი/ლენინგორი. 2008 წლის შემდეგ უფუნქციოდ “მუშაობს” სამშობიარო განყოფილება, რადგან ქალები მშობიარობისთვის ძირითადად თბილისის, ცხინვალის და უფრო ხშირად ვლადიკავკაზის საავადმყოფოებს აკითხავენ.
.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დროისთვისახალგორის რაიონში დაახლოებით 1500 ადამიანი ცხოვრობს, აღწერის წინასწარი მონაცემით კი, დაფიქსირებულია 4226 ადამიანი. ყველაზე მეტი მოსახლე (876 ადამიანი) დაბა ახალგორში (რაიონული ცენტრი) და სოფელ წინაგარაში დაფიქსირდა. სხვათა შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტს ცხინვალი ადმინისტრაციულადაც ასე ყოფს – ლენინგორის ზონა და წინაგარის ზონა.
ახალგორის ქუჩებში ძირითადად ქართულენოვანი წარწერები დომინირებს. რაიონის მასშტაბით მოქმედი 11 სკოლიდან 6 ქართულია და 5 – რუსული. სკოლები ფინანსდებიან როგორც თბილისიდან, ისე – ცხინვალიდან. იმ სკოლებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფინანსდება, მოსწავლეთა რაოდენობა დაახელობით 150-მდეა. აქედან დიდი ნაწილი ახალგორის ქართულ და რუსულ სკოლებში და სოფელ წინაგარაში სწავლობს.
ქართული სკოლები ფუნქციონირებს დაბა ახლგორში, სოფლებში – იკოთი, ბოლი, ახმაჯი, კორინთა, ბალაანი. ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო პროგრამებით სწავლობენ. განსხვავებულია, მაგალითად, ის, რომ აქ სწავლა 12-ის ნაცვლად 11-წლიანია, ასევე, არ მოქმედებს საატესტატო გამოცდები. სასწავლო წიგნებით სკოლებს საქართველოს განათლების სამინისტრო ამარაგებს.
ხელფასების გარდა, პედაგოგებისა და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვის დახმარების პროგრამით ფულადი შემწეობებიც გაიცემა. კერძოდ, 220 ლარი ეძლევა სკოლის დირექტორს, 200 ლარი – მასწავლებლებს, 130 ლარი – ტექნიკურ პერსონალს.
ახალგორში სკოლის დამთავრების შემდეგ სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტრო გასცემს ატესტატს, რომლის აღიარებაც შემდეგ თბილისში ხდება, დირექტორისა და რამდენიმე მასწავლებლის ნოტარიუსთან ვიზიტისა და დადასტურების შემდეგ.
სკოლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტების ნაწილი თბილისში აგრძელებს სწავლას, ნაწილი კი – ცხინვალში. 2015 წელს ახალგორიდან თბილისში 1 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. თითოეული სტუდენტი, რომელმაც ბოლო ორი წელი ახალგორში ისწავლა, საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს 100%-იან გრანტს.
ახალგორში მცხოვრები მოსწავლეების, სტუდენტებისა და ზოგადად, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. გარკვეულ მონაცემებს დადებს საყოველთაო აღწერის შედეგები, თუმცა ის ნაკლებად იქნება ზუსტი.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გაცემული სპეციალური საშვი დღეს 4000-მდე ადამიანს აქვს მიღებული ახალგორში, რამდენიმე ათასი ადამიანი კი მოლოდინის რეჟიმშია. არაოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად ადმინისტრაციულ საზღვარს 800 მოქალაქე კვეთს. თუკი 2013 წლისთვის ყოველდღიურად 22 რეისს ასრულებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალგორი- თბილისი-ახალგორის მიმართულებით, დღეისათვის ეს რიცხვი საკმაოდ შემცირებულია და უმეტესად მგზავრების რაოდენობაზეა დამოკიდებული ტრანსპორტის მუშაობა.
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზები, ელექტროენერგიის და გაზის პრობლემა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც ახალგორში მოსახლეობას აწუხებს იმის მიუხედავად, რომ მას ორი “მთავრობა” ჰყავს – ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, რომელიც თბილისს ექვემდებარება, და ლენინგორის ადმინისტრაციის უფროსის ოფისი, რომელიც ცხინვალიდან იმართება.

სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |