ბიძინა ივანიშვილზე
“ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში ძალიან დროულს ვუწოდებ. მან ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ადამიანის თავისუფლებისკენ. მე მასთან ძალიან კარგი, ნორმალური [ურთიერთობა მაქვს], კონტაქტი მაქვს, ძალიან კარგი.
ხელისუფლების კრიტიკა
რა შუაშია, ის მე მიყვარს, ადამიანი, თუ არ მიყვარს. პიროვნებებზე ხომ არ ვილაპარაკებთ? მე ვაკრიტიკებ სიტუაციას, რომელიც შესაცვლელია. იმის გამო, რომ კარგად ვეპყრობი ივანიშვილს, ღარიბაშვილს თუ მარგველაშვილს, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო.
მე არ მომწონს ის, რომ მთავრობა ამბობს, ყველაფერი კარგადააო, როდესაც ყველაფერი კარგად არ არის. ამაზე უმოქმედობა არ შეიძლება.
მიხეილ სააკაშვილზე
სააკაშვილზე ვფიქრობ იგივეს, რასაც ყველა – მისი პირველი წლები იყო ძალიან დიდი აღმავლობის წლები საქართველოში, რაც დიდი ხნის მანძილზე არ გაკეთებულა. ეს აღმავლობა დღესაც ეტყობა [ქვეყანას], მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, მაგაზე ნუღარ მალაპარაკებთ. ზუსტად მაშინ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ვინც აღმოფხვრა ეს ყველაფერი.
რუსი ბანის შესახებ მის განცხადებაზე
მთელი წინადადება იყო ასეთი: მე სისხლით და ხორცით ქართველი ვარ და ვამაყობ, რომ მსოფლიოში როგორც რუს ბანს მიცნობენ. გამგებმა ეს გაიგო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ძალიან აღიარებული ბანი ვარ.
2009 წელს რუსეთში მის კონცერტზე
მე ვარ გაეროს და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, თუ ბავშვების დახმარებაა შესაძლებელი ჩემი ხელოვნებით, უფლება არ მაქვს არ წავიდე.
რუსეთზე
რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია.
მისი ახალი ორგანიზაციის დაფინანსების წყარო
მთავარია, რომ რუსული ფული არ იყოს. საქართველოში ესაა დღეს მთავარი. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის რუსული ფული. ეს არის თანხა, რომელიც შემოვიდა ჯერჯერობით პირადად ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან.
ილია II
უწმინდესი ჩემთვის #1 ქართველი და ადამიანია. უწმინდესი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს საქართველოს ცხოვრებას.
რელიგიური ლიდერები უნდა წყვეტდნენ ქვეყნის ბედს?
უწმინდეს არ არის მხოლოდ სასულიერო პირი. მე ასე არ აღვიქვამ, როგორც სასულიერო პირს… უწმინდესი არის უსაყვარლესი ადამიანი. მთელი თავისი ცხოვრება ქართველ ხალხს შეწირა.
ილია მეორე უნდა ერეოდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ის უნდა ერეოდეს იმაში, ვინც ეკითხება მას ჭკუას და ჭკუას ეკითხება 90%.








