ახალი ამბები

მარგველაშვილი მალიში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

21 ნოემბერი, 2015 • 1187
მარგველაშვილი მალიში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

მარგველაშვილის განცხადებით, 20 ნოემბერს მსოფლიო კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ტერაქტის მოწმე გახდა. მისი თქმით, ტერორისტთა თავდასხმამ მშვიდობიან მოქალაქეებზე მალის დედაქალაქ ბამაკოში დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია.

 

”გარდაცვლილთა შორის სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს,” – აცხადებს მარგველაშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მძევალთა გათავისუფლების ოპერაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარგველაშვილის თქმით, სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით მოხერხდა მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება.

 

”საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

გუშინ, 20 ნოემბერს, სასტუმრო Radisson Blu–ში, ათამდე შეიარაღებულმა პირმა 170 ადამიანი მძევლად აიყვანა. მათგან 140 სტუმარი, ხოლო 30 – თანამშრომელი. სასტუმროში მყოფთა დიდი ნაწილი უცხოელი იყო. საბოლოო მონაცემებით, მალის დედაქალაქ ბამაკოში ისლამისტმა ტერორისტებმა 19 ადამიანი მოკლეს. მათ შორის- 2 სამხედრო პირი. ასევე, მძიმედ დაშავდა 7 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი