ახალი ამბები

საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციას: ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ცოცხლები ხართ

20 ნოემბერი, 2015 • 1038
საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციას: ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ცოცხლები ხართ

“სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ თქვენ დღეს ფიზიკურად ცოცხლები ხართ, იმიტომ, რომ ამდენი ხალხი ლინჩის წესით გაგასამართლებდათ, იმ კაცის დემოკრატობა რომ არა, სწორედაც რომ ასე იქნებოდა, იმდენად იყო ხალხი აღშფოთებული თქვენზე. იმ კაცის გადარჩენილები ხართ თქვენ, აი, იმ დიდი დემოკრატი ადამიანის. რაც შეეხება ბიუჯეტის ამბავს, აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგების აზრს, რომ შემოგიგდებდათ ხოლმე თქვენი პრეზიდენტი და მერე ყველაფერს ორი ხელით ამტკიცებდით, ასე არ ვართ ჩვენ. ჩვენ ვმუშაობთ, შევიტანთ კორექტივებს ამ ბიუჯეტში და სწორედ ისეთი ბიუჯეტი შემოვა, როგორიც ეკადრება ჩვენს ქალაქს,”– განაცხადა ია მაკასარაშვილმა.


საკრებულოში ხმაური თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. ოპოზიცია ბიუჯეტის ამ პროექტში პრიორიტეტების არასწორ გადანაწილებაზე საუბრობს და მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.


საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემაც გუშინ განაცხადა, რომ ბიუჯეტს ამ სახით მხარს არ დაუჭერდა.


“ჩვენ ამ ბიუჯეტს არ დავუჭერთ მხარს, ვინაიდან შემცირებულია მთელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. შემცირებულია, ასევე, ტრანსპორტთან დაკავშირებით დაფინანსება და ა.შ. ჩვენ ჩვენს შენიშვნებს გადავუგზავნით მერიას და იმედია, რომ არანაირ იმპიჩმენტზე საუბარი არ იქნება. იმედია, ყოველი ჩვენი შენიშვნა იქნება ასახული და გათვალისწინებული შემდგომ პროექტში,”– განაცხადა კობახიძემ.


დღეს კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს უმრავლესობაში არც კულუარულად და არც ღიად არ განიხილება

მასალების გადაბეჭდვის წესი