ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას აპირებს

20 ნოემბერი, 2015 • 1052
დავით უსუფაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას აპირებს

“აქ არ არის აუცილებელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, საკმარისია ვიყოთ ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომ ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციური წესრიგი არის დასაცავი, კონსტიტუცია არის დასაცავი, კონსტიტუციური უფლებამოსილებები ამა თუ იმ პირების მიერ არის შესასრულებელი და ყველა ვცდილობთ ეს გავაკეთოთ. მათ შორის -მეც. ახალი ცვლილებებით, პარლამენტის თავმჯდომარე არის უშიშროების საბჭოს წევრი, უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხს წყვეტს არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პრეზიდენტი. ამიტომ, როდესაც იგი გადაწყვეტს ასეთი საბჭოს მოწვევას, თუ მე არ მაქვს რაიმე გადაუდებელი და შეუძლებელი წინააღმდეგობა, მაშინ მე უნდა დავესწრო ამ საბჭოს და მე ასეც მოვიქცევი. კონკრეტულად 4 დეკემბრისთვის მე ვიქნები დაბრუნებული უცხოეთიდან და, იმედია, მშვიდობით ჩამოვალ და დავესწრები საბჭოს,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2015 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დანიშნა. უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე, საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები. უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე კვირის წინ ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის მისაღებად სხდომაზე არ მივიდნენ საბჭოს წევრი მინისტრები.

 

18 ნოემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ვიცე–პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კრიზისების საბჭოზე დეტალურად იყო განხილული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება ქვეყნის წინაშე არსებობდეს. იგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი შოუს ემსგავსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი