ახალი ამბებიკომენტარი

ქურდოვანიძე: აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს

4 აგვისტო, 2024 •
ქურდოვანიძე: აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

სადიგოვი გუშინ დააკავეს და დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს.

“ექსტრადიციის პროცედურები გაგრძელდება და ის, დიდი ალბათობით, დასრულდება სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემით.

საქართველოსაგან ჟურნალისტის გადაცემას ითხოვს ქვეყანა, რომელმაც სადიგოვი პროფესიული საქმიანობის გამო წარსულში ორჯერ, 2016 წელს და 2020 წელს დააპატიმრა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. აფგან სადიგოვი საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანში მისი დევნისაგან თავის დასაღწევად.
საქართველოს მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი დიდი სირცხვილი და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.

ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს:

  •  სახეზეა თუ არა დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს;
  •  დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირებას ითხოვენ, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკურ დანაშაულს;
  •  არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს […] პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო;
  •  არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან;
  •  ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება თუ არა პირს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
  •  დიპლომატიური გარანტიები ამართლებს თუ არა ექსტრადირებას.

აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

ამავე თემაზე

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი