სამართალი

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვეს

4 აგვისტო, 2024 •
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვეს

თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი დააკავეს და მისი ექსტრადირება იგეგმება. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.

„ალიევი არ გვაძლევს ცხოვრების საშუალებას არც აზერბაიჯანში, არც — საქართველოში. ეს უკანონოა“, — აცხადებს სევინჩ სადიგოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა“.

ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც გადაყვანილია აფგან სადიგოვი, ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია დაიგეგმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავს. ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა დღეს ვერ მოახერხა და არ იცის, რამდენად სანდოა აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე. მისივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

„არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას საექსტრადიციო პატიმრობა ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ.

ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.

აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს, აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.

დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი