ახალი ამბები

სასამართლომ კომისიას ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის საკითხის განხილვა დაავალა

20 ნოემბერი, 2015 • 1306
სასამართლომ კომისიას ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის საკითხის განხილვა დაავალა

ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი კომისიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მძიმე დაავადება, რომელიც ტარიელ ფოცხვერიას აქვს, შედის იმ განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალში, რაც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს, კომისიამ კი ეს საკითხი არც განიხილა. ადვოკატი სასამართლოში ტარიელ ფოცხვერიას სასჯელისგან გათავისუფლებასა და კომისიის მიერ ახალი ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას მოითხოვდა.

 

თბილისის საქალაქ სასამართლომ ფოცხვერიას სარჩელი კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

 

“სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა  საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელე ტარიელ ფოცხვერიას მიმართ,”- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სასამართლოს განცხადებაში საუბარია მოპასუხე მხარის, კომისიის არგუმენტაციაზეც:

 

“მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ ტარიელ ფოცხვერიას ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იყო დამატებითი კვლევები, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც სჭირდება მოსარჩელის თანხმობა, რაც მას არ წარუდგენია კომისიისათვის, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს”.

 

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მათ აქვთ ყველა დოკუმენტი, რომელიც უდავოდ ადასტურებს ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას ბრძანების იმ ნორმასთან, რომელიც არის მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული პირის გათავისუფლების საფუძველი. მისივე განცხადებით, სასამართლოს პროცესზე ეს ინფორმაცია დაადასტურა ექიმმაც.

 

მოსიაშვილის განცხადებით, კომისიაში განცხადება მოთხოვნით, რომ განეხილა კომისიას ფოცხვერიას მიმართ სამედიცინო დოკუმენტაცია, 3 სექტემბერს შეიტანეს. ადვოკატი ამბობს, რომ კომისიამ ყურად არ იღო ფოცხვერიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და დოკუმენტაცია არ განიხილა. ადვოკატის განცხადებით, ისინი 15 ოქტომბრამდე სთხოვდნენ კომისიას, რომ საკითხი განეხილა, თუმცა კომისიის მხრიდან არანაირი კომინიკაცია არ ყოფილა. როგორც ადვოკატი ამბობს, მათ დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს, მაგრამ, მისივე თქმით, არც სახალხო დამცველის წერილებზე ჰქონია რეაგირება კომისიას. ამის შემდეგ მათ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.

 

“ძალიან რთულია, როდესაც ჯანმრთელობის ამგვარი სახის მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ორგანოს მიერ. განსაკუთრებით კი, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების კომისიის მიმართ, რომელთა უმეტესობა ამ კომისიის წვრებისა არიან ექიმები. მათთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ნებისმიერი პირის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, მსჯავრდებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ამ შემართებას და სულისკვეთებას ადამაინის სიცოცხლის კუთხით,ვერ ვხედავთ,”- აცხადებს მოსიაშვილი.

 

ადვოკატი ამბობს, რომ თუ კომისიამ ობიექტურად იმსჯელა, ობიექტური გადაწყვეტილების პირობებში ფოცხვერიას გათავისუფლების საკითხი დადგება. იგი ვარაუდობს, რომ კომისიის უმოქმედობის მიზეზი ფოცხვერიას წარსული ცხოვრებიდან გამომდინარეობს.

 

“ამ შემთხვევაში ცალსახაა და უდავოა სუბიექტური დამოკიდებულება ფოცხვერიას მიმართ სახელმწიფო ორგანოს, ამ შემთხვევაში, კომისიის მხრიდან, რომ სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ეს არის ფიცხვერიას წარსული ცხოვრებიდან გამონდინარე, მაგარმ ეს არის ძალიან მოკლე, არასახელმწიფოებრივი აზროვნება კომისიის მხრიდან. 3 წელიწადი ეს ადამიანი არის მოთავსებული სამედიცინო კლინიკაში.”

 

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენომე დღის წინ ტარიელ ფოცხვერია პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვას – შიმშილობის დაწყებას აპირებდა, თუმცა, ის გადაარწმუნეს.

 

 

ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად “ტარასა” ამნისტიის შედეგად 2013 წლის ივნისის დასაწყისში გათავისუფლდა. ის ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელს 2006 წლიდან იხდიდა. 2014 წლის თებერვალში კი მას კვლავ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი