ახალი ამბები

საკრებულომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მერიას უკან დაუბრუნოს

20 ნოემბერი, 2015 • 1168
საკრებულომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მერიას უკან დაუბრუნოს

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 810 მილიონ 140 ათასი ლარით განისაზღვრა, საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოუდგინა.

 

ლევან თევზაიამ  ბიუჯეტის მაჩვენებლებზე, კერძოდ, შემოსულობებზე, გადასახდელებსა და ნაშთის ცვლილებზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროგრამებისა და ქვეპროგრამების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. თევზაიას მოხსენების დასრულებისთანავე სხდომა კითხვა-პასუხის რეჟმში გაგრძელდა.

 

თბილისის  ბიუჯეტის პროექტზე პრეტენზიები, ოპოზიციის გარდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. უმრავლესობის დეპუტატები ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემცირების გამო აკრიტიკებენ თბილისის მერიას, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მერიას დედაქალაქის ბიუჯეტის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ.

 

“ჩვენ ამ ბიუჯეტს არ დავუჭერთ მხარს, ვინაიდან შემცირებულია მთელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. შემცირებულია, ასევე, ტრანსპორტთან დაკავშირებით დაფინანსება და ა.შ. ჩვენ ჩვენს შენიშვნებს გადავუგზავნით მერიას და იმედია, რომ არანაირ იმპიჩმენტზე საუბარი არ იქნება. იმედია, ყოველი ჩვენი შენიშვნა იქნება ასახული და გათვალისწინებული შემდგომ პროექტში,” – ამბობს საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” თედო კობახიძე.

 

ოპონენტთა აზრით, თანხების დიდი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯებისა და მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდისკენაა მიმართული. ნაციონალური მოძრაობის წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი აბესაძე თბილისის მერიას მოუწოდებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ბიუჯეტში ჩაიდოს უფრო კონკრეტულად და სახელობით:

 

“მოვუწოდებთ მერიას, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიდოს ბიუჯეტში სახელობით და კონკრეტულად, რომ ვიცოდეთ, რომელ მონაკვეთებზე ებრძვის თბილისის მერია საცობებს და გვექნება უკეთესი მდგომარეობა მომავალ წელს. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ 2015 წლის მსგავსად, მილიარდი ლარი არ იყოს გაფლანგული და დაკარგული, ხოლო თბილისში პრობლემები კიდევ უფრო დამძიმებული.”

 

დეპუტატებს დასმულ კითხვებზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა და შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა უპასუხეს.

 

დასასრულს კომისიების თავმჯდომარეებმა  თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და წინადადებები დასკვნების  სახით წარმოადგინეს, რაზეც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, ხოლო საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები  უკვე საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

 

11 კომისიის გაერთიანებული სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საქალაქო სამსახურების უფროსობისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატებს მოუსმინეს.

 

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამდებობაზე საკრებულოს დასამტკიცებლად გივი კუბლაშვილის, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარედგინა. რაც შეეხება განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების უფროსებს, თბილისის მერის წარდგინებით, ირაკლი გვილავა და ნოდარ ჭიჭინაძე დასახელდნენ. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი, ხოლო ვაკის რაიონის გამგებლის ვაკანტურ ადგილზე ნოდარ ტურძელაძე იქნა წარდგენილი.

 

კანდიდატებმა სხდომაზე მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს და დეპუტატების დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

 

საქალაქო სამსახურების უფროსებსა და ვაკის რაიონის ახალ გამგებელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე იქნება მიღებული. ასევე, 20 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მხარეები საკუთარ შენიშვნებს კიდევ ერთხელ შეაჯერებენ, რის შემდეგაც თბილისის მერიას შესწორებული ვარიანტის წარმოსადგენად 10 დეკემბრამდე ექნება ვადა.

თბილისის საკრებულო, 11 კომისიის გაერთიანებული სხდომა. 19.11.2015. ფოტო: ნეტგაზეთ
თბილისის საკრებულო, 11 კომისიის გაერთიანებული სხდომა. 19.11.2015. ფოტო: ნეტგაზეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი