ახალი ამბები

გიორგაძე ლაშა თორდიას მოუწოდებს საჯაროდ აღიაროს, რომ აუდიტორულ დასკვნაში შეცდომა დაუშვა

19 ნოემბერი, 2015 • 1267
გიორგაძე ლაშა თორდიას მოუწოდებს საჯაროდ აღიაროს, რომ აუდიტორულ დასკვნაში შეცდომა დაუშვა

“არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი ლაშა თავად იყო შეყვანილი შეცდომაში. მინდა გითხრათ, რომ ის დაეთანხმა ბატონ გიორგის, აღიარა ეს ხარვეზი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას ეყოფა გამბედაობა, რომ ეს ხარვეზი ასევე საჯაროდ აღიაროს, რა საჯაროდაც იყო ჩვენ მიმართ, ასე ვთქვათ, დეზინფორმაცია გავრცელებული. თუ ის მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, და მე ამას სხვა ვერაფერს დავარქმევ, კულტურის სამინისტროს მიმართ გაგრძლედება, ჩვენ მზად ვიქნებით, ეს დისკურსი გადავიტანოთ სამართლებრივ სივრცეში,”– განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

 

ლაშა თორდიამ კი “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ ციფრები სწორია.

 

“ციფრები, რომელიც ჩვენ მიერ იყო მოყვანილი, არის სწორი. თუმცა იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ შეფასება პროცენტთან დაკავშირებით იყო მაღალი და ეს გამოწვეული იყო იმის გამო, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასე ვთქვათ, თანხების გადატანა მოხდა ცენტრალურ მუხლში,”– განმარტავს ის. 

 

ლაშა თორდიამ დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კულტურის სამინისტროში გაზრდილ დანამატებზე:

 

დანამატის ნაწილში კულტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული იყო 81 832 ლარი, 2015 წლის ამავე მუხლში განსაზღვრულია 1,316,899 ლარი. თქვენ შეგიძლიათ, თქვენ თვითონვე გამოიყვანოთ პროცენტი ამ მაჩვენებლით. კი, ბატონო, კულტურის სამინისტროს დაემატა საჯარო სამსახურის იურიდიული პირები (სსიპ) და მათი თანხების აკუმულირებაც მოხდა მთლიანად კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ჩვენი პრობლემა წარმოადგენს იმას, რომ დანამატები არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრული იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის იმ უწყებებში, სადაც ასე მკვეთრად იზრდება დანამატის ხარჯები. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა იმაზე, თუ რატომ იზრდება შრომის ანაზღაურება სხვადასხვა უწყებებში. ხელფასები უნდა გაიზარდოს, პრემიებიც უნდა გაიცეს, დანამატებიც უნდა გაიცეს, მაგრამ იმ რეგულაციების ფარგლებში, რა რეგულაციებიც არის კანონმდებლობაში და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული, თუ რატომ გაიცემა ეს თანხები”, – აცხადებდა თორდია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი