ახალი ამბები

რუსეთს, შესაძლოა, შსს-ს თანამშრომლების ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა – IML

2 აგვისტო, 2024 •
რუსეთს, შესაძლოა, შსს-ს თანამშრომლების ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა – IML

საგამოძიებო მედიალაბორატორიის (IML) ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთს, შესაძლოა, შსს-ს 20 500-მდე თანამშრომლის ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა, რომლებიც სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში არიან დაზღვეულები.

უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სისტემიდან კრიმინალურმა დაჯგუფებამ ხელშეკრულებები, პირადობის მოწმობები, ფინანსური ოპერაციების დოკუმენტები და სხვა სენსიტიური შინაარსის ფაილები მოიპარა.

კერძოდ,  ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის წინააღმდეგ კიბერშეტევა მიმდინარე წლის 21 აპრილს განხორციელდა.

„ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ ვებგვერდებზე გავრცელდა, შესამჩნევი შეფერხება იყო კომპანიის სისტემაშიც, იმედი L-ში დაზღვეულ პაციენტებს კლინიკებში ვერ ემსახურებოდნენ. როგორც კიბერთავდასხმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო პლატფორმები წერდნენ, კრიმინალურმა ჯგუფმა 18 გიგაბაიტის მოცულობის სენსიტიური მონაცემების წაღება მოახერხა. მათი თქმით, მოპარულ ფაილებს შორის იყო: ხელმოწერილი ხელშეკრულებები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, სააღრიცხვო ჩანაწერები და ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები.

საერთაშორისო მედიაპლატფორმების ინფორმაციით, კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “აკირამ” აიღო“, – ამბობს IML-ის ჟურნალისტური გამოძიება.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ იმედი L-ზე შესაძლო კიბერშეტევაზე უწყებაში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

თავად სადაზღვევო კომპანია IML-თან ამბობს, რომ „ინციდენტის მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე ინფორმაციის გაჟონვის არსებობის მტკიცებულებები გამოვლენილი არ არის“.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ იმედი L-ს კითხვით ნეტგაზეთმაც მიმართა და მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი