ახალი ამბები

ფეხსაცმელი, რომელიც ომს ასახავს

18 ნოემბერი, 2015 • • 1354
ფეხსაცმელი, რომელიც ომს ასახავს

საუბარია ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, 2014 წლის ფაქტზე, როდესაც საომარი შეტაკებების დროს დაახლოებით 4 ათასი არასრულწლოვანი იეზიდი გოგონა და ახალგაზრდა ქალი ტერორისტთა მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ტყვედ ჩავარდა. 400-მდე ქალმა გაქცევა მოახერხა. 





ინსტალაციისთვის გამოყენებული ერთ-ერთი ფეხსაცმელი 14 წლის იეზიდ გოგონას ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ლტოლვილთა ერთ-ერთ ბანაკში ცხოვრობს.


ადამიანის უფლებათა და თანამედროვე ისტორიის ბრიტანელმა პროფესორმა ბრაიან ბრივატმა თბილისში საკუთარი კვლევა წარმოადგინა ჩრდილოეთ ერაყში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის შესახებ, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სახელს უკავშირდება,. შეხვედრაზე აჩვენეს ბრაიან ბრივატის კვლევაზე დაყრდნობით გადაღებული ფილმიც, რომელიც აღნიშნული კონფლიქტის მსხვერპლ იეზიდ ქალთა ისტორიებს ასახავს.

 

ფილმში ბრაიანი ყვება იმ ქალთა ისტორიებს, ვინც საბრძოლო შეტაკებების დროს და მის შემდეგ ტრაგედია გამოიარა. 

 

“ადამიანების წინაშე აუპატიურებდნენ გოგონებს. ზოგიერთმა მოიკლა თავი იმიტომ ,რომ იცოდნენ, საზოგადოება უკვე არ მიიღებდა მათ. მოძალადეებს სირიაში ამ გოგონათა ბაზარი აქვთ. ახალგაზრდებს ყიდიან. მათ კი, ვისაც ვერ გაყიდიან, ხოცავენ. ეს ნამდვილი გენოციდია”, – ამბობს ბრაიან ბრივატი.

 

მისივე თქმით, “არანაირი კავშორი ისლამსა და ტერორიზმს შორის არ არსებობს. სამხედრო გზით ტერორიზმის დამარცხების შესახებ პასუხი არ მაქვს. ეს არის იდეოლოგიური ომი. საჭიროა ამ მხრივ გადაიდგას ნაბიჯები”.


ღონისძიების მონაწილეები შეეცადნენ ემსჯელათ იმის შესახებ, რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს აღნიშნულ სიტუაციაში, შეუძლია თუ არა იყოს უფრო აქტიური ჰუმანიტარულ, მიგრაციულ პროცესებში და როგორ შეიძლება  ხელი შეუწყოს ისტორიულად და კულტურულად მრავალეთნიკურმა საქართველომ მსგავსი კონფლიქტების პრევენციას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მთელ რეგიონში. 

 

“მეოცე საუკუნეში შეიქმნა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თეორიულად ევალება ადამიანის უფლებების დაცვა. სინამდვილეში მოხდა ამ ორგანიზაციების დეგენერაცია. იქცნენ ბიუროკრატიულ ორგანიზაციებად, რომელთაც არ აქვთ ემპათიის განცდა. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ამის მკაფიო გამოხატულება. თეორიულად არ ეკუთვნით ამის გაკეთება, ხედავენ, ათასობით ადამიანი იღუპება, ხოცავენ, აუპატიურებენ, მაგრამ მათ მიერ ადრევე შექმნილი კალკებისა და რეგულაციების გამო არ იღებენ პასუხისმგებლობა ჩაერიონ ამ პროცესში. ცხოველებსაც კი აქვთ ემპათიის გრძნობა. განათლების სისტემაშია საჭირო ამის დანერგვა, რელიგიებს სჭირდება ამის ხელშეწყობა, განცდა, რომ ვინც არ უნდა იყოს, რომელი რელიგიის თუ კულტურის მატარებელი, არის ადამიანი, რომელსაც სოლიდარობა სჭირდება. სხვაგვარად წინ ვერ წავალთ, თუ ეს არ გვექნება. ლაპარაკი არ არის არც ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე, არც ბუნების დაცვაზე, არც ცხოველთა სამყაროს დაცვაზე, თუკი შენ არ გაქვს ემპათიის გრძნობა. ნორვეგიაში სამი წლის განმავლობაში ბავშვებს ასწავლიან, როგორც სავალდებულო საგანს- ემპათიას”, – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელური-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი