აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი ტრამპზე თავდასხმისას გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემების გამო თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საკითხის მოკვლევისას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოსმენაზე კიმბერლი ჩიტლი აცხადებდა, რომ გადადგომას არ განიხილავდა, ვინაიდან აღნიშნულ თანამდებობაზე ყველაზე კვალიფიციური კადრი იყო. თუმცა დღეს თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში, გამოცემის თქმით, ჩიტლი აღნიშნავს, რომ „რთული გადაწყვეტილება მიიღო და დირექტორის თანამდებობას ტოვებს“.

„საიდუმლო სამსახურის მთავარი მისია ჩვენი ქვეყნის ლიდერების და ფინანსური ინფრასტრუქტურის დაცვაა. 13 ივლისს ჩვენ ეს მისია ვერ შევასრულეთ“ ,— მისწერა საიდუმლო სამსახურის დირექტორმა თანამშრომლებს, გამოცემის ინფორმაციით.

CNBC აღნიშნავს, რომ კიმბერლი ჩიტლი საიდუმლო სამსახურში, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტების, მათ ოჯახების, ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატების უსაფრთხოებაზე, 30 წლის მანძილზე საქმიანობდა.

ამომრჩეველთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლა სცადეს. თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი წერდა, რომ მას ტყვია ყურის ზედა ნაწილზე მოხვდა, თუმცა თავს კარგად გრძნობდა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან თავს 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი დაესხა.