ახალი ამბები

ენმ-ის რეზოლუცია: შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენება

13 ნოემბერი, 2015 • 985
ენმ-ის რეზოლუცია: შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენება

“მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა აქციია. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ინციდენტს აქციის მონაწილეებისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფანიძის მონაწილეობით, რის გამოც დაკავებულ იქნენ “რუსთავი 2”-ის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები- ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.

 

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით და მოითხოვა სასამართლოსგან მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ოქტომბერს დააკმაყოლფილა, ხოლო 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ დატოვა ძალაში.

 

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობას და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ნებისმიერი პირის მიმართ. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა რეაგირება ამგვარ ფაქტებზე არ უნდა მოხდეს შერჩევითად და ანალოგიური უნდა იყოს იდენტურ შემთხვევებში. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ბევრად უფრო მძიმე დარღვევები განხორციელდა პარლამენტის წევრთა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა დამნაშავეთა მიმართ მცირე ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება.

 

საქართველოს პროკურატურის ამგვარი პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყენებს წინასწარი პატიმრობის ზომას პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისათვის, რაც აღინიშნა კიდეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:


– მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ყურად იღონ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა, შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლის პრაქტიკის გამოყენება, ასევე უარი თქვან ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობის წახალისებაზე, რის მაგალითებიც მრავლად მოიძებნება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა გამოსვლებში;

 

– მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, იმოქმედოს უკანასკნელ ხანს ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების ანალოგიურად და შუამგომლობით შევიდეს სასამართლოში აქციის მონაწილეთა მიმართ მიღებული აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი