ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მას მამუკა ხაზარაძესთან კითხვები არ აქვს.
გახარიას თქმით, მის პარტიაში კმაყოფილი არიან იმით, რაც ახლა „ლელოს“ ირგვლივ ხდება.
„მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც „ლელოსთან“. ჩვენ ჩვენი გეგმით „ლელოსთან“ მიმართებაში კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ, არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არც მაქვს.
მამუკას მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის[…]
პარტიამ „საქართველოსთვის“ უკვე განაცხადა და კიდევ ერთხელ განაცხადებს, ეს ჩვენ არ გვითქვამს გუშინ, ეს არის ჩვენი წელიწად-ნახევარზე დიდხნიანი პოზიცია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაც.მოძრაობა“ და წითელი ხაზია „ოცნება“. ეს პასუხი ყველასთვის ცნობილია, საზოგადოებისთვისაც ცნობილია უკვე დიდი ხანია. აქ არაფერი სიახლე არ არის“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა ჯერ ოთხ მნიშვნელოვან კითხვას უნდა უპასუხოს და ამის შემდეგ მზად იქნება, მას დაელაპარაკოს.
ხაზარაძის თქმით, ამ ოთხიდან მთავარი კითხვა არის, შეუქმნის თუ არა გახარია „ქართულ ოცნებას“ კოალიციას, მეორე კითხვა ეხება ანაკლიის პორტს, მესამე -წერილს, მეოთხე კი– 20 ივნისს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ ერთიანდებიან. გაერთიანების პრეზენტაცია მათ 17 ივლისს გამართეს.