აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები ზოგადად კარგია, თუმცა კვლავ რჩება უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი საქმიანი დავა სასამართლოში წლების განმავლობაში გრძელდება.
„სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებს, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებას, კომერციულ კანონების და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეების ჩათვლით. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და საქართველო, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, რეგიონში მაღალ ადგილზეა როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორებია ტრანზიტი და ლოჯისტიკა, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო ცდილობს ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის გასწვრივ გაზრდილი ვაჭრობით.
„ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა, ასევე, განაპირობა ტვირთების ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის ბაზრებთან აკავშირებს და შეიძლება იყოს საქართველოს გრძელვადიანი ზრდის წყარო, განსაკუთრებით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ინვესტიციებით და რეგიონული თანამშრომლობით. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერი ანაკლიის პორტის განვითარებაზე, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა“, — ნათქვამია ანგარიშში.