აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აზრა ზეია არჩევნების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამოხატა მხარდაჭერა სამოქალაქოს საზოგადოების, მედიისა და ქართველი ხალხის მიმართ.

„კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და იმ საქმიანობის მიმართ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ანუ დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა. მათი პოზიციაა, რომ ყველანაირად ეცდებიან, მხარი დაუჭირონ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ყველა იმ აქტორს, რომელიც ამისთვის იბრძვის“, — განაცხადა, თავის მხრივ, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზრა ზეია ასევე ხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს.

გუშინ მან შეხვედრები გამარტა საქართველოს პრეზიდენტთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენელ ქალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„აშშ მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ, ეუთოს სტანდარტების შესაბამისად“, — დაწერა აზრა ზეიამ X-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ წერს, რომ მათ ესაუბრა დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია“, — თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი თბილისში 9 ივლისს დაიწყო. საქართველოდან ის სომხეთში მიემგზავრება.