ახალი ამბები

სპეცრაზმის ნაცემ ელისაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

11 ივლისი, 2024 •
სპეცრაზმის ნაცემ ელისაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

როგორც დეპუტატის ინტერესების დამცველი გიორგი რეხვიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, უწყება ელისაშვილს სწორედ მისი ცემის დღეს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166. 173 მუხლები):

„ჩვენ ახლა ვცხოვრობთ აქციებისა და დარბევების შემდეგ ძალიან უსამართლო, სამარცხვინო ძალადობრივ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო არის გაუქმებული. ავტორიტარული რეჟიმია, სადაც წარმოიდგინეთ  ვითარების აბსურდულობა — სამი თვე გავიდა, პირდაპირ ეთერში პოლიციელების სახეები რომ ჩანს, ის პოლიციელები, 20 კაცი ფიზიკურად მისწორდებოდა და სამი თვის შემდეგ არათუ არავინ დაუკავებიათ, არათუ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ვერ გავარკვიეთ, ვინ არიან ის პოლიციელები და წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინო ამბავია.

ამის ნაცვლად, აქეთ მე მედავებიან. ახლა, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, სასამართლო პროცესები უნდა იყოს დასრულებული და ის მოძალადე პოლიციელები უნდა იყვნენ ციხეში განწესებული და ხდება პირიქით, ჩემ წინააღმდეგაა სასამართლო, თითქოს მე ჩავდიოდი საშინელებებს და ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან“, — ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილის ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ 17 აპრილის შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 9 ივლისსაა შედგენილი, პროცესი კი სასამართლოში დღეს, 11 ივლისს, 12:00 საათზეა დანიშნული:

„შსს-სგან ჩვენ მოვითხოვთ, ყველა მტკიცებულება წარმოადგინონ, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მათ უნდა დაგვიმტკიცონ, რომ რეალურად მოხდა ეს ფაქტები. ალეკოს მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა“, — ამბობს ელისაშვილის ინტერესების დამცველი.

ალეკო ელისაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისი ცემის დღეს, როდესაც პოლიციელებმა რამდენიმე საათის განამვლობაში დააკავეს, ამით კონსტიტუცია დაარღვიეს, რადგანაც ის დეპუტატს იმუნიტეტით უზრუნველყოფს:

„ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, თუმცა დაკავების ოქმი კი აქვთ ასევე არაკონსტიტუციური. საშინელი დარღვევით დამაკავეს რამდენიმე საათით. არა განრიდების, არამედ დაკავების ოქმია შედგენილი. კონსტიტუცია პირდაპირ ნებისმიერ დეპუტატს იცავს, დახიეს ის კონტიტუტია და გადაყარეს, სადაც დეპუტატის იმუნიტეტზეა საუბარი“, — აღნიშნავს დეპუტატი.

ელისაშვილის მსგავსად, პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან ასევე სპეცრაზმის მიერ ნაცემ დავით ქაცარავასაც. ქაცარავას, რომელიც 14 მაისს რუსთაველის გამზირზე დაკავებისას სასტიკად სცემეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისს შეუდგინეს, შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: აქციაზე ნაცემ ქაცარავას აქეთ ასამართლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი