ახალი ამბები

აქციაზე ნაცემ ქაცარავას აქეთ ასამართლებენ

5 ივლისი, 2024 •
აქციაზე ნაცემ ქაცარავას აქეთ ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე ნაცემი დავით ქაცარავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დავით ქაცარავას საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

დავით ქაცარავას, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა სცემეს, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

სასამართლოზე ორი პოლიციელი მოწმის სახით გამოიკითხა, ერთ-ერთი მათგანი ბიძინა ჟამერაშვილია, რომელმაც ქაცარავას დაკავება გააფორმა, მეორე კი მისი მეწყვილე გაიოზ იკოშვილი, რომელიც დავით ქაცარავას დაკავებისას მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

პოლიციელებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ 14 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პირველი გიმნაზიის მიმდებარედ, დავით ქაცარავასგან დაახლოებით 5-10 მეტრში იმყოფებოდნენ. ორივე მათგანმა სასამართლოში თქვა, რომ ქაცარავა პოლიციელებს არ აგინებდა, თუმცა მათ მონებს უწოდებდა, რასაც თავად თავით ქაცარავა უარყოფს და არც მედიასაშუალებების მიერ გადაღებული კადრებით დასტურდება.

ბიძინა ჟამერაშვილმა, გამოკითხვისას განაცხადა, რომ ქაცარავა სპეცრაზმის თანამშრომლებს „რუსეთის მონებს“ ეძახდა, რის გამოც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, რამდენადაც პოლიციელის თქმით, მათი ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდა მონაწილეობას. გინებას კი ქაცარავას არა პოლიციელების მიმართ, არამედ „კანონის მისამართით“ ედავებიან.

ორივე პოლიციელმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ დავით ქაცარავა მათ არ დაუკავებიათ და ამბობენ, რომ დაკავება სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან მოხდა, რის შემდეგაც დაკავებული მათ მანქანაში ჩასვეს, საიდანაც უკვე მათ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.  გამოკითხვისას პოლიციელები ამბობენ, რომ დაკავებამდე ქაცარავას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქაცარავა 14 მაისს გამართულ აქციაზე დააკავეს, სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისსაა შედგენილი. ამასთან, შსს-ს საქმის მასალებში ვიდეოკადრები არ აქვს წარდგენილი.

ქაცარავას ინტერესების დამცველების კითხვის საპასუხოდ 14 ივნისს მომხდარ ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისს რატომ შეადგინა, პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი აცხადებს, რომ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა და მანამდე ოქმის შედგენა ვერ მოახერხა.

დღეს სასამართლოში ასევე გამოიკითხა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დაკავების მომენტში დავით ქაცარავასთან ერთად იმყოფებოდა. გაფრინდაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს დავით ქაცარავა ვინმეს მისამართით იგინებოდა, ან/და მონებს უწოდებდა.

თავად დავით ქაცარავა, რომელიც მისი ცემის საქმეზე დაზარალებულადაცაა ცნობილი, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება იმ ტერორის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება მშვიდობიან აქტივისტებს უპირისპირებს:

„დღეს ბრალდებულად ვარ სასამართლოში დაბარებული, მიუხედავად იმისა, რომ ამავე საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად მაღიარა. იურიდიული ნონსენსია, თუმცა ამ სასამართლო სისტემისგან გასაკვირი არაფერია. მე ვთვლი, რომ ეს იმ ტერორის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ“, – განაცხადა ქაცარავამ.

დავით ქაცარავას საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომა 11 ივლისს გაიმართება. სასამართლოში მოხდება ქაცარავას მხარის მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერის და წერილობით მტკიცებულებების გამოკვლევა.


14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქაცარავა პირდაპირ ეთერში, იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციელებთან კომუნიკაციას ცდილობდა. რამდენიმე პოლიციელი კორდონიდან გამოვარდა და აქტივისტი, რომელიც მათ ესაუბრებოდა, ძალით შეათრიეს თავის რიგებში.

დაკავების მომენტში მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ცოლს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერაციამდე გადაღებულ ფოტოშიც ჩანდა მძიმე დაზიანებები, რაც მას მიაყენეს.

დავით ქაცარავამ კლინიკაში ყოფნისას თქვა, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ცემისას გამოიყენეს ხელთათმანები, რომელსაც თითებთან გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. შემდეგ გადაუღეს სურათები და მისი თქმით, სავარაუდოდ, დამკვეთებს გაუგზავნეს.ქაცარავა არ არის ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების განმავლობაში სცემეს პოლიციელებმა აქციაზე, ან ნიღბიანმა ე.წ. ტიტუშკებმა სახლებთან ჩასაფრების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი