აქციაზე შეკრებილები თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებასა და ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მოითხოვენ.
“დღეს ჩვენ გავახმოვანებთ აქ მოთხოვნებს, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. ნაწილი ამ მოთხოვნებისა ეხება თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენების მოთხოვნას. ისინი უშუალოდ აყალბებდნენ საგარეჯოში არჩევნებს და ეს ჩვენი თვალით ვნახეთ. მეორე ნაწილი უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,”- აცხადებს ირმა ინაშვილი.
ინაიშვილის თქმით, დღევანდელი აქციით საქართველოში იწყება ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რომელსაც პერმანენტული ხასიათი ექნება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხვალიდან ისინი ყოველდღე, დღის 2 საათიდან შეიკრიბებიან და საღამომდე არ დაიშლებიან.
აქციის მონაწილეები შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისაკენ მსვლელობას მოაწყვეს, სადაც შიმშილობის აქციის დაწყება იგეგმება.
პარტიამ პერმანენტური აქციების დაწყების შესახებ ჯერ კიდევ პირველ ნოემბერს განაცხადა. ირმა ინაშვილი და მისი მომხრეები საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ სოფელ უჯარმის მე-13 საარჩევნო უბანთან შეიკრიბნენ, სადაც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
მარტვილში “პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი კანდიდატი, ეთერ მეძველია ასევე გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობდა. მეძველიას თქმით, “ქართული ოცნების” კანდიდატს, სოსო დანელიას ამომრჩეველმა ხმა იძულებით მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს 7540 ხმით, ხოლო მარტილის მუნიციპალიტეტის ყველა უბანზე, ასევე, “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია 9620 ხმით.