ახალი ამბები

ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და ქვეყნისათვის დამაზიანებელია

7 ნოემბერი, 2015 • 1340
ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და ქვეყნისათვის დამაზიანებელია

როგორც ვოლსკი აცხადებს, გიორგი მარგველაშვილთან ერთად მას ძალიან მძიმე დღეები გაუტარებია და პრეზიდენტის განცხადებების გამო მას გული წყდება.

 

”მე ძალიან გული მწყდება, რომ გიორგისთან, რომელთან ერთადაც ძალიან მძიმე დღეები გაგვიტარებია, წარმოაჩენს სიტუაციას, რომ მთელი ქართული საზოგადოება არის ერთ მხარეს, ქართული ოცნება – მეორე მხარეს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამას ამბობდა. ხომ შეიძლება, რომ პრეზიდენტმა თავისი ფუნქცია, როგორც სიტუაციაში ჩახედულის, დამბალანსებლის როლი ერთხელ მაინც შეასრულოს? მე არ ვამბობ, რომ ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, მაგრამ საქართველოს ასეთი წარმოჩენა, ასეთი ვითარების დახატვა, თუნდაც პარტნიორების საყურადღებოდ აბსოლუტურად არ გამოადგება და პირიქით – არის დამაზიანებელი. მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია, განცხადება, რომელიც მან გაავრცელა, არ შეესაბამება სინამდბვილეს და არის დამაზიანებელი ქვეყნისათვის,” – ამბობს ვოლსკი.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებები, ისევე როგორც აკო მინაშვილის, არ არის სწორი. როგორც დეპუტატი აცხადებს, რამოდენიმე ადამიანი და პარტია არ წარმოაჩენს მთელ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში:

 

”არ არის სწორი. თუნდაც საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით იყო განცხადება, რომ საერთო სახალხო კონსესუსია. რამოდენიმე ადამიანი და პარტია არ წარმოაჩენს მთელ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში. მთელი საზოგადოება არ უჭერს მხარს იმას, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქადაგებს. მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ უჭერენ მხარს იმ პოზიციას, რასაც აკო მინაშვილი ქადაგებს. არ არის სწორი შეფასება, როდესაც ვამბობთ, რომ ერთ მხარეს ქართული ოცნებაა და მეორე მხარეს პრეზიდენტი და დანარჩენი…”

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას გუშინ, 6 ნოემბერს, მოუწოდა, რომ პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა გაითავისონ. გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს 22 ოქტომბერსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.
 

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი