ახალი ამბები

რას დაეთრევი საოკუპაციო ხაზზე, შენი… შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა – ქაცარავა მის ცემაზე

20 მაისი, 2024 •
რას დაეთრევი საოკუპაციო ხაზზე, შენი… შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა – ქაცარავა მის ცემაზე

დავით ქაცარავა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ანტირუსულ აქციაზე დაკავების შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ, მისი ცემის ეპიზოდს იხსენებს.

როგორც ქაცარავა ამბობს, მას ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მიმართა თუ „რას დაეთრეოდა“ საოკუპაციო ხაზზე, რასაც მის მიმართ გინება და ცემა მოჰყვა.

როგორც ქაცარავა იხსენებს, მას დაკავების შემდეგ სპეცრაზმელები ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ. ქაცარავას თქმით, ერთ-ერთი ცემის ეპიზოდის დროს მას ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგსუკან ხელებშეკრულს რამდენიმე სპეცრაზმელი უმოწყალოდ სცემდა, ბოლოს კი მის გაგუდვას ცდილობდნენ.

ქაცარავას თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ მისი ფოტოების „დამკვეთებს“ გაუგზავნეს.

ამის შესახებ დავით ქაცარავა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე,შენი დდშც, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა. დარტყმა,გინება,მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს. სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები. მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.

ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს,დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთერთმა შავრაზმელმა. ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში. კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს.

მთავარი მოქმედება კი მეორე,დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს. ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგსუკან შეკრულ ხელებიანს, 3 – 4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა. სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში, სახეში. ხელებზე სპეციალური,კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

მესამე ცემა მანქანაში,ჯამში მეხუთე,ყველაზე საშინელი გამოდგა. შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი. ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი – მოკალი ამის დედას … ! ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა – მგუდავდნენ. არ ვიცი,რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ. უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.

მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს.

ჯალათებო და ამ ეკზეკუციის დამკვეთებო! მადლობას გიხდით იცით რისთვის? კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს!

ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის,აღმაშენებლის,300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!

ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ,ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე! ჩვენია გამარჯვება!“, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.


რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქაცარავა პირდაპირ ეთერში, იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციელებთან კომუნიკაციას ცდილობდა. რამდენიმე პოლიციელი კორდონიდან გამოვარდა და აქტივისტი, რომელიც მათ ესაუბრებოდა, ძალით შეათრიეს თავის რიგებში.

დაკავების მომენტში მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ცოლს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერაციამდე გადაღებულ ფოტოშიც ჩანდა მძიმე დაზიანებები, რაც მას მიაყენეს.

დავით ქაცარავამ კლინიკაში ყოფნისას თქვა, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში, სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. შემდეგ გადაუღეს სურათები და მისი თქმით, სავარაუდოდ დამკვეთებს გადაუგზავნეს.

ქაცარავა არ არის ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების განმავლობაში სცემეს პოლიციელებმა აქციაზე, ან ნიღბიანმა ე.წ. ტიტუშკებმა სახლებთან ჩასაფრების შემდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი