ახალი ამბები

NATO-ს სამიტში საქართველოდან ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

28 ივნისი, 2024 •
NATO-ს სამიტში საქართველოდან ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

9-11 ივლისს დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტში საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. უწყების ცნობით, დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც ალიანსის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს და დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ვაშინგტონმა სამიტში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ილია დარჩიაშვილი მიიწვია. გამოცემამ სახელ,წიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მეთიუ მილერს მისწერა, მიიწვიეს თუ არა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მილერმა გამოცემას ასე უპასუხა:

“პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”.

სამიტი ტარდება პროგრამის – “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში და გულისხმობს ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა შეკრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი