ახალი ამბები

ანა გაბრიაძე: დიღმის ტყე-პარკში ასამდე საღი ხე შესაძლოა კერძო კომპანიამ გაჩეხოს

1 ნოემბერი, 2015 • 2523
ანა გაბრიაძე: დიღმის ტყე-პარკში ასამდე საღი ხე შესაძლოა კერძო კომპანიამ გაჩეხოს

როგორც გაბრიაძე აცხადებს, ტერიტორია, სადაც საღი ხეებია დანომრილი, კერძო კომპანიის საკუთრებაშია. მისი თქმით, მონიშნულა ასწლოვანი ხეები, მათ შორის, საღი ფიჭვის, კიპარისის, ვერხვის, კომშის, კაკლის და იუდას ხეები.

 

”ყველა ხეს აქვს ნაჯახი მირტყმული და არის დანომრილი. დაახლოებით ასამდე ხე დავითვალეთ. ასეთი მძიმე მდგომარეობაა დღეს დიღმის ტყე-პარკში. გამგეობამ აგრეთვე აწარმოა უკანონო მშენებლობა, აშენდა სპორტული მოედანი და მერიამ დაიწყო დემონტაჟი, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანა. შევხვდი ნარმანიას და მან აღიარა, რომ ეგ არის უკანონობა. რეალურად, რომ მოაგვარონ პრობლემა, ამისთვის არაფერს აკეთებენ. კერძო მესაკუთრე, მერიის დაპირებისამებრ, უნდა გაეყვანათ იქიდან. როდემდე შეიძლება ტაქსაციები აკეთონ და იარონ სასამართლოში, ასევე სავალდებულოა ტერიტორიის სარეკრიაციო ზონის სტატუსის აღდგენა,” – აცხადებს ანა გაბრიაძე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”უსაფრთხო სივრცის” თავმდჯომარის ინფორმაციით, დიღმის ტყე-პარკში გუშინ უკვე იყვნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მისი თქმით, დანომრილი ხეები მოსახლეობამ შეამჩნია და ამის გამო ისინი შეშფოთებული არიან. ანა გაბრიაძე თავადაც აპირებს თბილისის მერიაში განცხადების შეტანას, რათა საქმის წარმოებაში ჩართონ:

 

”ზედამხედველობა უკვე იყო გუშინ. ჯერჯერობით მეტი არაფერი გარკვეულა. ხვალ მივმართავ თბილისის მერიას ოფიციალურად, რომ ჩამრთონ წარმოებაში და დამიდასტურონ, არის თუ არა ნებართვა გაცემული. მე არანაირი ნდობის საფუძველი მაქვს. ტერიტორიის მეპატრონეები პარალელურად სულ მიმართავდნენ და, როგორც ვიცი, მერიას უარი აქვს ნათქვამი. ახლა იურისტთან უნდა გადავამოწმო, აქვს თუ არა მერიას უარი ნათქვამი მშენებლობაზე.”

 

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დიღმის ტყე-პარკში გამწვანების სამსახურს ამ დროისთვის ხეების მოჭრაზე ნებართვა არ აქვს გაცემული. თბილისის მერიის პრესამსახურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ ტერიტორიაზე ხეები მოიჭრება, იქნება კანონდარღვევა.

დანომრილი ხეები დიღმის ტყე-პარკში © ანა გაბრიაძე
დანომრილი ხეები დიღმის ტყე-პარკში © ანა გაბრიაძე

დანომრილი ხეები დიღმის ტყე-პარკში © ანა გაბრიაძე
დანომრილი ხეები დიღმის ტყე-პარკში © ანა გაბრიაძე

დანომრილი ხეები დიღმის ტყე-პარკში © ანა გაბრიაძე
დანომრილი ხეები დიღმის ტყე-პარკში © ანა გაბრიაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი