ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსის წევრის თქმით, თამარ ხიდაშელის ქმარი და პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

31 ოქტომბერი, 2015 •
პატრიოტთა ალიანსის წევრის თქმით, თამარ ხიდაშელის ქმარი და პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

პატრიოტთა ალიანსის წევრმა  ნონა ფილიურიმ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ალიანსის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ლიდერს თარხან გასვიანს იორმუღანლოს #42 უბნის წინ თავს დაესხნენ დეპუტატობის კანდიდატ თამარ ხიდაშლის ქმარი და პოლიციის თანამშრომლები.

 

“ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის თარხან გასვიანი. ისინი აკონტროლებდნენ საარჩევნო უბანს, ანუ დადიოდნენ და აკვირდებოდნენ საარჩევნო უბნებს და ერთ-ერთი ასეთი დაკვირვების დროს თავს დაესხნენ თამარ ხიდაშელის ქმარი და კრიმინალური პოლიციის, ასევე სხვა პოლიციის თანამშრომლები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მას მიღებული აქვს დაზიანება თავის არეში”, – აცხდებს ფილიური.

 

თამარ ხიდაშელის ქმარმა ბესო აბაშიძემ “ნეტგაზეთთან” დაადასტურა, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა #42 საარჩევნო უბანზე.  

 

მისი თქმით,  თარხან გასვიანი საარჩევნო უბნის წინ ეწეოდა უკანონო აგიტაციას, რის გამოც მას დეპუტატობის კანდიდატ თამარ ხიდაშელის წარმომადგენლებმა მოუწოდეს, რომ დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან იქ აგიტაციის უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგაც დაიწყო დაპირისპირება.

 

ბესო აბაშიძე ამბობს, რომ ის იმყოფებოდა საარჩევნო უბნისგან მოშორებით და შორიდან აკვირდებოდა საარჩევნო უბნებს, მოძრაობდა სხვადასხვა უბანში.

 

მისი თქნით, როცა მივიდა ინციდენტის ადგილას, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა- შემოხლა, რომელშიც თვითონაც მონაწილეობდა.  ის ამბობს, რომ ეს ფიზიკური დაპირისპირება მალევე შეწყდა და როცა ყველაფერი დასრულებული იყო, შემდეგ გამოჩნდა პოლიცია.

 

აბაშიძე უარყოფს, რომ მასთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. ასევე კონკრეტულად არ ამბობს, პირადად მან მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა გასვიანს.

 

პატროტთა ალიანსი აცხადებს, რომ  პროკურატურას მიმართავს. 

 

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა ამ ინციდენტზე გამოძიება და დაიკითხნენ თუ არა მონაწილე პირები.

თარხან გასვიანი
თარხან გასვიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი