ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბას წინააღმდეგ “ამცახარას” ნაპერწკალმა ალი ვერ წარმოქმნა

31 ოქტომბერი, 2015 •
ხაჯიმბას წინააღმდეგ “ამცახარას” ნაპერწკალმა ალი ვერ წარმოქმნა

არადა, ოპოზიციონერები პოლიტიკურ კრიზს დიდი ხნის მანძილზე ამზადებნენ. პრეზიდენტის წინააღმდეგ საშემოდგომო გამოსვლები ჯერ კიდევ ამა წლის მაისში დააანონსეს – პოლიტიკური ბატალიები გადადეს, რათა ტურისტული სეზონი არ ჩაეგდოთ. სექტემბერსა და ოქტომბერში “ამცახარას” ყრილობას წინ უძღოდა მრავალრიცხოვანი შეხვედრები რაიონებში, პრესკონფერენციები, პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების განცხადებები, რომლებიც შედიან აფახაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკში. ოპოზიციის ინტერნეტ-მეომრები აქტიურ დისკუსიებს აწარმოებდნენ ხაჯიმბას მომხრეებთან.

 

ბოლოს კი, ალექსანდრ ანქვაბის დროს აშენებულ სტადიონზე დაახლოებით სამი ათასი ადამიანის მოკრება გახდა შესაძლებელი (ოპოზიციონერები, რა თქმა უნდა, საუბრობენ ათობით ათასებზე). გამომსვლელებმა არ დაიშურეს ხელისუფლების მიმართ ნეგატიური შეძახილები, ერთ-ერთმა ორატორმა რაულ ხაჯიმბას უწოდა “ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს”.

 

გამოსვლების მთავარი ლაიტმოტივი, ცხადია, იყო აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. ყრილობაზე “ამცახარას” თავმჯდომარედ არჩეულმა ალხაზ კვიცინმა პირდაპირ თქვა, რომ ხაჯიმბას მმართველობის ქვეშ “აფხაზეთი კარგავს სახელმწიფო სუვერენიტეტს”.

 

ოპოზიციის მეორე პრეტენზია ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტს არა აქვს “ეროვნული თანხმობის” მიღწევის სურვილი. ოპოზიციონერები, რომელთა ძირითადი ნაწილი ალექსანდრ ანქვაბის დროს სახელმწიფო სამსახურში იყვნენ ან მათი ნათესავები არიან, როგორც ჩანს, იმედოვნებდნენ, რომ პრეზიდენტი დათანხმდებოდა კოალიციურ მთავრობას. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

 

შედეგად, ყრილობაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია: “მიჩნეულ იქნას აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობა ანტისახალხოდ და უუნაროდ, რომელსაც არ სურს მიაღწიოს ეროვნულ თანხმობას და აფხაზეთის სახელმწიფოს სრულფასოვან განვითარებას; გამოეცხადოს უნდობლობა რაულ ხაჯიმბას, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას… იმ შემთხვევაში, თუ ხაჯიმბა არ მიიღებს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას, უახლოეს დღეებში ჩვენ, ოპოზიციური ძალების ბლოკთან ერთად, გამოვაცხადებთ საერთო-სახალხო კრებას”.

ამცახარას ყრილობა, ოქტომბერი, 2015 წ. ფოტო: sputnik-abkhazia
ამცახარას ყრილობა, ოქტომბერი, 2015 წ. ფოტო: sputnik-abkhazia

 

პრეზიდენტის პასუხმა არ დააყოვნა. რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. თუმცა “ამცახარას” არავითარი საერთო-სახალხო კრება არ გამოუცხადებია. ამას კი ბევრი მიზეზი აქვს.

 

დავიწყოთ იმით, რომ ხაჯიმბას მართლაც ჰყავს მომხრეები. წელიწადნახევრის წინ არ მოიძებნა ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოვიდოდნენ ქუჩაში და დადგებოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, რათა დაეცვათ ალექსანდრ ანქვაბი სახალხო კრებისგან, რომელიც აფხაზეთის ოპოზიციის – პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭომ მოიწვია. შეგახსენებთ, რომ იმ საკოორდინაციო საბჭოში იმ დროისთვის შედიოდნენ პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანიზაციები რესპუბლიკაში.

 

სავსებით სხვა ვითარებაა დღეს რაულ ხაჯიმბასთან დაკავშირებით. “ამცახარას” პასუხი მან შუამავლების საშუალებით კი არ გასცა, არამედ ეს სიტყვები წარმოთქვა ათასობით თავისი მხარდამჭერის წინაშე, რომლებიც იდგნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმ დღეს, როცა ოპოზიციური პარტიების ყრილობა ჩატარდა.

 

მეორე მომენტი – ოპოზიციას, როგორც ჩანს, არა აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. “რადიო ეხო კავკაზას” კორესპონდენტი რამდენიმე საათის მანძილზე იდგა ქუჩაში და გამგვლელებს ასეთ შეკითხვას უსვამდა: “რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ პარტია “ამცახარას” მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის შესახებ?” – და ვერავინ იპოვა ისეთი, ვინც უპასუხებდა დადებითად. ხაჯიმბას მიმართ საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი ამბობდნენ, რომ ეს მოთხოვნა ძალიან რადიკალურია, რომ პრეზიდენტს ისეთი არაფერი დაუშავებია, რაც მისი გადადგომის საფუძველი გახდებოდა. მთლიანობაში, რესპონდენტები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ რაულ ხაჯიმბას ჭირდება მეტი დროის მიცემა, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს.

 

ამასთან, რესპონდენტების დიდი ნაწილი უკიდურესად უარყოფითად აფასებდა თავად ოპოზციას, რომელიც მთელი ათწლეულის მანძილზე იყო ხელისუფლებაში. უკმაყოფილოებს უბრალოდ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ყულაბასთან – სწორედ ასეთია ყველაზე გავრცელებული აზრი აფხაზეთში ოპოზიციის მოტივაციასთან დაკავშირებით.

 

ამგვარი უნდობლობის მიზეზი იმაშიც მდგომარეობს, ოპოზიციას არ აქვს რაიმე კონკრეტული, თანმიმდევრული იდეები და ნათელი არგუმენტები თავიანთი პრეტენზიებისთვის. მაგალითად, “ამცახარას” ლიდერები გამოიყურებიან ძალიან არადამაჯერებლად აფხაზეთის დამოუკიდებლობის დამცველების როლში. ოპოზიციაში ყოფნის დროს ხაჯიმბა გამოდიოდა, როგორც უკიდურესად ნაციონალისტი, რომელიც მხარს უჭერდა აფხაზეთის მაქსიმალურად შესაძლებელ დამოუკიდებლობას. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში პრეზიდენტი კვლავ რჩება ნაციონალისტად.

 

მაგალითად, მან შეგნებულად არ აღიარა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რადგან აცნობიერებს, რომ ეს ნაბიჯი აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის მარგინალიზებას მოახდენდა. ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი უფროსი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია, პირიქით, გამოდის ამ რესპუბლიკების აღიარების მომხრედ. და ვინ გამოდის აქ სუვერენიტეტის მომხრე?

 

ძნელად შეიძლება დაეთანხმო ოპოზიციის მეორე თეზისსაც – ეროვნული ერთობის შესახებ, რომლისკენაც თითქოს არ ისწრაფვის პრეზიდენტი. რეალუარდ, ხაჯიმბამ ბევრ უწყებაში დატოვა ისეთი ხალხი, რომლებიც პირადად მის მიმართ სულაც არ არიან ლოიალურები (რისთვისაც მას მისი მომხრეები აკრიტიკებენ). ეს კი, როგორც ვხედავ, მან არა მხოლოდ იძულების გამო გააკეთა – რომ არსებობს საკადრო დეფიციტი, არამედ იმისთვისაც, რომ არ შეევსო ოპოზიციის რიგები  კარგი ორატორული უნარჩვევების მქონე გამოკვეთილი ფიგურებით. ეს არ არის კოალიციური მთავრობა, რა თქმა უნა, თუმცა არ შეიძლება არც იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტმა ხელისუფლებიდან განდევნა ყველა ოპონენტი.

 

დაბოლოს, ძლიერი დარტყმა ოპოზიციას ბოლო კვირაში თავად ხაჯიმბამაც მიაყენა.

 

აფხაზეთის კონტროლის პალატა თითქმის ყოველდღე გამოდის ანგარიშებით მინისტრებსა და სხვა უწყებებში შემოწმების შესახებ და სააშკარაოზე გამოაქვს სრული უკონტროლობა სახელმწიფო საწარმოებში, რომლებსაც არავითარი მოგება არ მოუტანიათ, არ იხდიდნენ გადასახადებს, არც ახდენდნენ თავიანთი საქმიანობის ანგარიშგებას.

ასეთ საინფორმაციო ფონზე, ოპოზიციის ადგილას რომ ვიყო, არც მე გავრისკავდი საერთო-სახალხო კრების მოწვევას.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი