ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, პოლიცია აქციებზე დაკავებულებს 2024-ში უფრო ხშირად სცემდა, ვიდრე გასულ წელს

25 ივნისი, 2024 •
ომბუდსმენის თქმით, პოლიცია აქციებზე დაკავებულებს 2024-ში უფრო ხშირად სცემდა, ვიდრე გასულ წელს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიცია აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებზე 2024 წელს უფრო ხშირად ძალადობდა ფიზიკურად, ვიდრე გასულ წელს. მან ეს თქვა 2023 წლის სრული სტატისტიკისა და 2024 წლის მხოლოდ პირველი რამდენიმე თვის სტატისტიკის შედარების საფუძველზე.

„2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით გამოყენებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს, 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემ მიერ მონახულებული ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. ეს მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დღეს, 25 ივნისს.

აქციებზე მოქალაქეთა ადმინისტრაციული წესით დაკავება გავრცელებული პრაქტიკაა. ლევან იოსელიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს კოდექსი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელსაა მიღებული. სახალხო დამცველის შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსი “ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტასაც ვერ აკმაყოფილებს”.

სახალხო დამცველი, ისევე, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციები, წლებია საუბრობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განახლების აუცილებლობაზე.

ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.


სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წელს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ჯერ კიდევ მაისში გაავრცელა განცხადება. მათი ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში დაკავებული 200-მდე მოქალაქიდან 93-მა პოლიცია ამხილა არასათანადო მოპყრობაში, 71-მა კი რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ დაკავებულთა დიდი ნაწილი თავს იკავებს საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვისგან, “ვინაიდან არ ჰქონდათ გამოძიების სრულყოფილად, ობიექტურად წარმართვის და რაიმე კონკრეტული შედეგის დადგომის მოლოდინი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი