შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, პოლიციელების მხრიდან სისტემური ძალადობა, ხელისუფლების მიერ ძალადობის წახალისება, რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა დაშინების მცდელობები და სხვა – ასე აღწერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბოლო ორ თვეში მიმდინარე პროცესებს.
ვრცელ ანგარიშში, რომელშიც ორგანიზაცია რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე არსებულ ვითარებას აანალიზებს, დეტალურადაა განხილული, როგორ ცდილობს ხელისუფლება სამოქალაქო სივრცის შევიწროებას ძალადობრივი მეთოდებით:
ფიზიკური ხელშეუხებლობა
საიამ აღწერა და შეისწავლა არაერთი შემთხვევა, როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები პოლიციელებმა სცემეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. მათი შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან გამოხატული ძალადობა შეიცავდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ნიშებს.
“პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უმეტესად ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა”, — ვკითხულობთ საიას ანგარიშში.
ორგანიზაცია პრობლემურად აფასებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობასაც. გარდა ამისა, მათი შეფასებით, დაკავებულთა ნაწილი თავს იკავებდა უწყებისთვის მიმართვისგან, “ვინაიდან არ ჰქონდათ გამოძიების სრულყოფილად, ობიექტურად წარმართვის და რაიმე კონკრეტული შედეგის დადგომის მოლოდინი”.
„ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო წყაროებითაც კი იყო შესაძლებელი სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას თითქმის ორი თვის შემდეგაც არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია აქციებზე მოძალადე საპოლიციო ძალების წარმომადგენლების გამოვლენისა და ბრალდების შესახებ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს უწყებები ეფექტიანად ვერ/არ ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას“ ,— წერია ანგარიშში.
ორგანიზაციამ შეისწავლა ე.წ. ტიტუშკების (ხელისუფლების ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების) მოქმედება ბოლო კვირების განმავლობაში. საიას მიერ აღწერილია შემთხვევები, როცა „ტიტუშკები“ სცემდნენ დემონსტრანტებს, სახლთან ხვდებოდნენ აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და სასტიკად უსწორდებოდნენ მათ. ძალადობა იყო სტუდენტების მიმართაც. გამოიკვეთა პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების დევნა.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
საიას შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცველთა მოქმედებები არ იყო კანონიერი და პროპორციული.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ როგორც ადგილზე, ისე — მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კადრებით.
„ამ დროის განმავლობაში არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას“, — წერია ანგარიშში.
საიას დაკვირვებით, პოლიციელებმა აქციებზე წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გარდა გამოიყენეს რეზინის ტყვიებიც. ორგანიზაციის შეფასებით, მაშინ, როცა აქციები მშვიდობიანი იყო, ამგვარი სპეციალური საშუალებების გამოყენება უკანონოა.
- გამოხატვის თავისუფლება
საიას ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მედიის წარმომადგენლებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის, პარლამენტში მედიის ნაწილის დაშვების აკრძალვა რუსული კანონის განხილვის დღეებში.
გარდა ამისა, საიას განცხადებით, გახშირდა აქციებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვნადაა გაუარესებული მედიაგარემო, რასაც ახალისებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა.
„მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია რუსული კანონის ინიციირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება“, — წერია ანგარიშში.
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
საიას ინფორმაციით, აპრილსა და მაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ჯამში, 210-მდე პირი დააკავეს. ორგანიზაციის შეფასებით, დაკავებები ძირითადად უსაფუძვლო იყო და „ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას“.
საია, რომელიც სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს უფასო სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობდა, აცხადებს, რომ ადვოკატებისთვის პრობლემური იყო დაკავებულებზე ინფორმაციის მოძიება. გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმით, დაკავებულებს პატიმრობის ვადას დაუსაბუთებლად უხანგრძლივებდნენ.
რეპრესიების სხვა მეთოდები
ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მცდელობების გარდა, საიამ აღწერა სხვა რეპრესიული მეთოდებიც, რომლებიც, მათივე შეფასებით, „ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ“.
„ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე არის ერთ-ერთი ის პირი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და რუსული კანონის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ დევნას ახორციელებს. ეს გამოიხატება კონკრეტული ჯგუფის გამორჩევასა და მის მიმართ სხვადასხვა რეპრესიული ზომის (მაგალითად, სატელეფონო ზარები, კერძო საკუთრების დაზიანება) გატარებაში“, — ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში საია დეტალურად აღწერს ისეთ რეპრესიულ მექანიზმების, როგორიცაა სატელეფონო მუქარები, კერძო საკუთრების დაზიანება, ზეწოლა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, მუნიციპალური ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის შეზღუდვა და სხვა.