განახლება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ირაკლი კოპლატაძემ თანამდებობა ახლა დატოვა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მას უფლებამოსილება დეკემბერში ამოეწურა, გუშინ კი უკვე ოფიციალურად ჩააბარა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს დეტალი სტატიაში გასწორდა და შეიცვალა მისი სათაური.
სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ისნტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო „აზერბაიჯანული ნომრებიდან“ მისი „აუგად მოხსენიება“ სცადეს.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან).
მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ? ევროპაში!“ — წერს კოლპატაძე.
მიმდინარე წლის მაისში მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას და მონაწილეობდნენ აქციებში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, აზერბაიჯანული ნომრებიდან ურეკავდნენ, აგინებდნენ და ექმურებოდნენ. გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუვლენია, ვინ იდგა ამის უკან.
სლოვენიაში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი მადლობას უხდის კოლეგებს, ოჯახს და სხვებს, დიპლომატიურ კარიერაში მისი მხარდაჭერისთვის.
„ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი.
ამასობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მივედით იმ ნიშნულამდე, როცა საჭირო იყო გაწევრიანების საფინალო ნახტომის განხორციელება: 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მივიღეთ ნატოს არაწევრი უახლოესი ქვეყნის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც განახლდა 2020 წელს; 2022 წლის ნატოს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომები“ (TSM); 2023 წლის 14 დეკემბერს კი მივიღეთ ევროკავშირის საოცნებო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი…“, — წერს კოპლატაძე.