ახალი ამბები

GWP-ის ცნობით, დაზიანების აღმოფხვრამდე 60 ათასი მომხმარებელი წყალს გრაფიკით მიიღებს

17 ივნისი, 2024 •
GWP-ის ცნობით, დაზიანების აღმოფხვრამდე 60 ათასი მომხმარებელი წყალს გრაფიკით მიიღებს

თბილისის წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ წიწამურთან მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოფხვრამდე მომხმარებლები წყალს გრაფიკით მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საუბარია დაახლოებით 60 000 მომხმარებელზე.

კომპანიის წარმომადგენლის, გიგა ნადირაძის თქმით, პარალელური ქსელის მოწყობის ნაცვლად, GWP-მ გადაწყვიტა ტერიტორიაზე გრუნტის მოხსნა და ტერასების მოწყობა, რაც მისი განცხადებით, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, უფრო მალე აღადგინონ დაზიანება.

GWP-ის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუ რა ვადაში აღდგება დაზიანებული ქსელი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება:

„პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა მეტ დროსთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მივდივართ იმ გზით, რომ გვყავს კონტრაქტორი, რომელიც შეასრულებს სამუშოებს. მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება ტერასები, რაც ერთის მხრივ, მოგვცემს შესაძლებლობას, დროულად აღვადგინოთ დაზიანებული მონაკვეთი, მეორე მხრივ კი, გამორიცხავს სამომავლო რისკებს.

უკვე დაწყებული აქვს კონტრაქტორს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება ინტენსიური სამუშაოები გრუნტის მოხსნის“ ,— ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

GWP-ში აღნიშნავენ, რომ საუბარია წყლის მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიან მიწოდებაზე დღის განმავლობაში. მისი თქმით, სამუშაოები ხვალვე დაიწყება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა დრო დასჭირდება ქსელის აღდგენას:

„რა თქმა უნდა, დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი, თუმცა ეს რამდენიმე დღესთან იქნება კავშირში და არა — უფრო ხანგრძლივ პერიოდზე. როდესაც დაიწყება სამუშაოები, უფრო ნათელი იქნება ვადები. სანამ სამუშაოებს მოვრჩებით, უკვე ჩავატარეთ სამუშაოები ჩვენს ქსელში და ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა წყალსადენიდან წყლის მიუწოდებლობამ, 30% დღეს უკვე დავაბალანსეთ, სხვადასხვა რესურსის ალოკაცია მოვახდინეთ.

ხვალ დილიდან მომხმარებლებისთვის ჩაირთვება რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ — 7-საათიანს. სამუშაოები დაიწყება ხვალვე და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში. ამის პარალელურად იქნება გარკვეული რეჟიმი დაწესებული წყლის მიწოდების იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იკვებებიან ამ სადენით. ამასთან, მობილიზებული გვყავს 15 ავტოცისტერნა სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელზეც გავავრცელებთ ინფორმაციას“ ,— ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი