ახალი ამბები

„ევროპული საქართველო“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნაზე

17 ივნისი, 2024 •
„ევროპული საქართველო“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნაზე

„ევროპული საქართველო“, საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

პარტიის პოზიცია დღეს გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა გაახმიანეს.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე სახალხო პროტესტმა და საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას უკვე გამოტანილი აქვს რეჟიმისთვის პოლიტიკური განაჩენი და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის მიერ ოპოზიციური პარტიების ძლიერ მხარდაჭერაში გადაიზარდოს.

„როგორც რეჟიმის ცვლილების, ისე შემდგომი სისტემური გარდაქმნის ამოცანებისთვის საკვანძოა, მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც არ არსებობს დემოკრატიული ტრადიცია; სადაც არ არსებობს ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან და გუნდთან; სადაც ბელადი სააკაშვილის და ჩრდილოვანი მმართველი კეზერაშვილის ახირებებით წყდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, პარტიის ლიდერების ჩანაცვლების და გადანაცვლების ჩათვლით. იმისთვის, რომ ამომრჩევლის რაციონალურ წუხილს ვუპასუხოთ, ჩვენ გვჭირდება მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს, რომლის წევრებიც ოლიგარქიულ, ანტიდემოკრატიულ თამაშის წესებს მკაფიოდ უარყოფენ“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამ გარემოებებში „ევროპულ საქართველოს“ სწორ ნაბიჯად მიაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, რუსულ რეჟიმს დაამარცხებს,  მეორე მხრივ კი, სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც წარმოდგენილია პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიაში.

„ამიტომ, ევროპული საქართველო იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს“, — აცხადებს „ევროპული საქართველო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი