თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი გეგმები დიპლომატიურ სამსახურთან დაკავშირებით არ შეცვლილა, თუმცა პრეზიდენტი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს.
ამის შესახებ ბურჭულაძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად მისი კანდიდატურა გაგზავნილია თუ არა პრეზიდენტთან.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებისას მიიღო შეთავაზება ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციის დაკავებაზე. ახლა ბურჭულაძე ამბობს, რომ აქვს კომუნიკაცია საგარეო საქმეთა მინისტრთან და განიხილავს ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩობას. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საუბარია სლოვაკეთზე.
„პრეზიდენტი არ აწერს ხელს საგარეოს მიერ წარდგენილ ელჩებს. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას“, — განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, წარდგენილია თუ არა მისი კანდიდატურა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ წარადგენს კანდიდატურებს, რადგან პრეზიდენტი ხელს არ აწერს.
„მე როგორც ვიცი, აღარ წარადგენენ. ზოგადად, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ აწერს ხელს“, — დასძინა მან.
„ნეტგაზეთი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, კობახიძისგან NATO-ში ელჩობაზე მიიღო შეთავაზება