თიბილოვის ახალმა განცხადებამ, რომელიც ბიბილოვის და კოკოითის ძველი განცხადებების იდენტურია, ოს–ნეტი ააღელვა.
თიბილოვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და თქვა, რომ თიბილოვისა და სურკოვის ბოლო შეხვედრაზე ასეთი განცხადება არ გაკეთბულა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთში ბევრი ემხრობა რუსეთთან ინტეგრაციას. მისი თქმით, კრემლში სამხრეთ ოსეთს უწოდებენ «რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს».
«ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აღიარებულია რუსეთის მიერ და რომელთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთერთობა,» – აღნიშნა პესკოვმა.
თიბილოვის ინიციატივას სამხრეთ ოსეთში მოქმედმა რიგმა პოლიტიკოსებმა და პარტიებმა დაუჭირეს მხარი. სახალხო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება და განვითარება, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკი. პარტიის წევრების აზრით, მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში შეძლებს სამხრეთ ოსეთი მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამას გარდა, პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ «რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ისტორიული სამართლიანობა იზეიმებს – ოსი ხალხი, რომელიც დღეს გაყოფილია სახელმწიფო საზღვრით სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდება».
გაზეთ «ვერსიის» საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი ევგენი კრუტიკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებამ კიდევ ერთხელ დასვა წერტილი.
«პრეზიდენტის განცხადება მისსავე საიტზე ისე ორაზროვნად და უცნაურად იყო ფორმულირებული, რომ მის კომენტირებას არც ერთი თავმოყვარე სპეციალისტი არ დაიწყებდა. მასში მართლაც არ იყო მითითებული, თუ როდის გააკეთა თიბილოვმა ეს განცხადება, რომელ აუდიტორიაში, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე სურკოვს, თუკი საერთოდ იმყოფებოდა იმ დროს იქ. ასევე, ძალიან ორაზროვნადაა ფორმულირებული თავად პრეზიდენტ თიბილოვის პრიორიტეტები. «რეფერენდუმი, რომლის დადებით შედეგებში ეჭვი არ მეპარება, საშუალებას მოგვცემს ჩვენი ხალხის შერწყმის, ეს საზოგადოებაში გამოიწვევს დადებითი პროცესების განახლებასა და გამოცოცხლებას», – აი, რა წერია პრეზიდენტ თიბილოვის ოფიციალურ საიტზე. რა დადებით შედეგზე იმედოვნებს ის? სად არის აქ მისი პირადი აზრი?» – წერს კრუტიკოვი თავის სტატიაში, სახელწოდებით – «სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა დახურულია».
ამის მიუხედავად, თიბილოვის უცნაური განცხადებიდან მეორე დღესვე სოციალურ ქსელებში ცხარე დებატები გაჩაღდა. საინფორმაციო პორტალ სპუტნიკის ერთ–ერთი რედაქტორის, როინ ბიბილთის აზრით, სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თემა დახურულია და «ტყუილად ემზადება ბიბილოვი საპრეზიდენტი არჩევნებისთვის ამ ფორმით».
«არ არსებობს არავითარი ბიბილოვის «ხუთი ნაბიჯი», არავითარი ასოთშეთანხმება შეერთების შესახებ. ველოდებით ახალ, ფხიზელ კანდიდატს, რომელიც დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის განვითარების პროგრამას შემოგვთავაზებს. არავითარი რიტორიკა, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ გავხდებით ალაგირის რაიონი #2», – წერს ბიბილთი საკუთარ გვერდზე ფეისბუკში.
რუსი პოლიტოლოგის ევგენი კრუტიკოვის აზრით, სირიის კონტექსტში, როცა მოსკოვს ბევრი უყენებს პრეტენზიას «სირიის ოკუპაციის» შესახებ, არ არის იმის აუცილებლობა, რომ კიდევ ერთხელ გამეორდეს მოსკოვის მიერ ფორმულირებული პოზიცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა «რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკვანძო ფაქტორია».
«ცხინვალში ძველი პოლიტიკური თამაშების გამო დამატებით და უსარგებლო მიზეზს რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად არავინ არასდროს შექმნის. ეს თემა დახურულია. მაგრამ სულ რჩება შანსი, რომ უარესი იქნება,» – თქვა კრუტიკოვმა.
პოლიტიკური პრინციპები, რომელთა «გადალახვა» ადვილია
კრიტიკული კომენტარებისგან თავი ვერც მოძრაობა «შენი არჩევანი, ოსეთის» ლიდერმა ალან ჯუსოევმა შეიკავა, რომელმაც ფეისბუკში დაწერა, რომ სურდა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას თავისი ყურადღება რეალურ პრობლემებზე მიეპყრო, როგორიცაა უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, ეკონომიკური განვითარება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჯუსოევი თავად აქტიურად გამოდიოდა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრედ და ამას სამხრეთ ოსეთის განვითარების ერთადერთ გზად მიიჩნევდა.
ალან ჯუსოევმა კომენტარი მისცა საინფორმაციო პორტალს «EurAsia Daily», სადაც ხაზი გასუვა იმასაც, რომ თუკი თიბილოვის მიერ ინიცირებული ახალი რეფერენდუმის შემდეგ, ყირიმის პრეცედენტის მსგავსად, სამხრეთ ოსეთი ორი კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდება მშობლიურ ნავსაყუდელს (მას მხედველობაში აქვს რუსეთი), არის რისკი, რომ მოხდეს ანტირუსული განწყობების პროვოცირება და ამაზე «სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ინიციატორს, თანაც ხელისუფლების ორივე შტოს,» – განაცხადა ჯუსოევმა.
ალან ჯუსოევი ერთ–ერთი ნათელი წარმომადგენელია ხალხის იმ კატეგორიისა ოსეთში, რომლებიც არაერთხელ გამოვიდნენ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრედ. თუკი მის ვიდეოინტერვიუს ვიხილავთ, რომელიც სამი წლის წინ მისცა «კავკაზსკი უზელს», გავიგებთ, რომ ის არ არის სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წინააღმდეგი, რაშიც მას «ბრალს სდებენ» ოპონენტები ფეისბუკში, არამედ პირიქით: 2012 წელს ალას ჯუსოევმა შექმნა საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა «შენი არჩევანი, ოსეთი» იმ მიზნით, რომ მომავალში მისი მოძრაობა გარდაიქმნებოდა პარტიად, ხოლო მოძრაობის შექმნის ძირითად ამოცანად დაასახელა სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში.
«ჩვენი ხალხის და სამხრეთ ოსეთის ისტორიის ბოლო ორასი წლის მანძილზე ჩვენი ბევრი რამ ვნახეთ: ხან ჩრდილოკავკასიურ ფედერაციას გადაგვცეს, ხან – საქართველოს, მაშინდელ თბილისის გუბერნიას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ხან… ყველაფერი ეს ჩვენთვის ბოროტი ხუმრობა იყო. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ამიტომ მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების გარანტია იქნება, თუკი ჩვენ მიჩნეული ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად. რუსეთი ბირთვული ძალაუფლებაა და ვერავინ შეძლებს რუსეთიდან მისი ტერიტორიის განცალკავებას,»– ასე ახსნა ალან ჯუსოევმა თავისი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობის ძირითადი პოზიცია სამი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში.
თუკი ვისაუბრებთ რუსეთის პოზიციის ტრანსფორმაციაზე, საკითხზე – «დამოუკიდებლობა, თუ რუსეთის ტერიტორიის ნაწილი» – შეუძლებელია არ გავიხსენოთ პარლამენტის სპიკერის, ანატოლი ბიბილოვის ცვალებადი განცხადებები. მაგალითად, 9 ოქტომბერს ოსურ საინფორმაციო სააგენტოებში გაჩნდა ინფორმაცია მმართველი პარტიის «ერთიანი ოსეთის» ახალი კონტაქტების შესახებ, რომელმაც დაამყარა თანამშრომლობა იტალიურ საპარლამენტო პარტიასთან «ჩრდილოეთის ლიგა» (Lega Nord).
ბიბილოვის თქმით, პარტია «ერთიანი ოსეთი» ამზადებს დოკუმენტებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პოლიტიკურ–სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებიც მოგვიანებით ითარგმნება იტალიურ ენაზე. ის ამტკიცებს, რომ «ჩრდილოეთის ლიგა» მათ დაპირდა სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის იტალიის პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებას.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვი, პარტია «ერთიანი ოსეთის» ლიდერი და პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერი მიმდინარე წლის მანძილზე არაერთხელ გამოვიდა რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის მომხრედ და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასაც ცდილობდა. სწორედ ბიბილოვმა გამოუცხადა უნდობლობის ვოტუმი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დააკორექტირა «რუსეთთან ინტეგრაციის შეთანხმება» და მასში შეიტანა შესწორებები, რომლებიც უკავშირდებოდა მმართველი პარტიის პოზიციის მიუღებლობას სამხრეთ ოსეთის რუსეთთან სრული ინტეგრაციის შესახებ და ყველა საბრძოლო უფლებამოსილების გადაცემას რუსეთის ხელისუფლებისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავით სანაკოევი თანამდებობიდან მოხსნა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა.
ცვალებადი პოზიციები და მოკლე დასკვნები
თიბილოვის ახალი განცხადებების გამო შეშფოთებული იყვნენ ოსებიც, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ. რუსეთ–ჩინეთის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს თავმჯდომარე სერგეი სანაკოევმა ფეისბუკში გამოაქვეყნა ახალი განცხადებების ანალიზი, სადაც წერს, რომ საჭიროა იმის გაგება, თუ ვის ჭირდება მსგავსი განცხადებები და ვინ ეწევა ყველაზე ხმამაღლა რუსეთთან შეერთების აგიტაციას. სანაკოევი ამბობს, რომ ეს აწყობს «თაღლითებსა და ქურდებს», ასევე, მათ, ვინც ასრულებს სამხრეთ ოსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაკვეთას. «ეს უაკანასკნელები კი მზად არიან ნებისმიერ ფასად შეარყიონ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა, რომ დამოუკიდებლობის სტატუსი დაიკარგოს,» – თქვა სანაკოევმა.
უნდა აღნიშნოს, რომ სერგეი სანაკოევმა, რომელიც ყოველთვის პოულობდა საერთო ენას სამხრეთ ოსეთის ნებისმიერ ხელისუფლებასთან, პირველად დაწერა თავისი პოზიციის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის ოფიციალური მთავრობის პოზიციას.
სანაკოევი ირწმუნება, რომ ჯგუფი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს «თაღლითები და ქურდები» – იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც აქვთ მატერიალური პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის განხორციელებული საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის შედეგების გამო. სანაკოევი ამ ჯგუფს შეგნებულად არ მიაკუთვნებს თავად თიბილოვს და ამტკიცებს, რომ ეს არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ჩართულია რუსული ფულის «განიავებაში».
«ისინი სამყაროს აღსასრულისთვისაც ილოცებენ, რომ არ აგონ პასუხი რუსეთიდან მიღებული მატერიალური დახმარებისა და ფინანსების ხარჯვაზე. მათი გეგმით, რუსეთთან მიერთებით მათი პასუხისმგებლობა შეერევა საერთორუსულ კორუფციულ ოკეანეს. თავად კი სხვა სამსახურსა და თავშესაფარს იპოვიან «დიდ სამშობლოში», – განაცხადა რუსეთ–ჩინეთის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს თავმჯდომარემ.
მისი აზრით, არსებობს ეჭვი, რომ რეფერენდუმის ინიცირების შესახებ ინფორმაცია სწორედ ამ ჯგუფმა შემოაგდო, პირობითი სახელით – «თაღლითები და ქურდები». სერგეი სანაკოევი დარწმუნებულია, რომ ამით მათ (თაღლითებმა და ქურდებმა) გადაუხვიეს ძირითად თემას სურკოვთან შეხვედრის შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, შედგა ბოლო ანგარიშის გამო იმ ფულადი რესურსების შესახებ, რომელიც გამოიყო რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღსადგენად.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |