სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 19 წლის ბიჭი, რომელმაც, უწყების ცნობით, 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოები სოციალურ ქსელში გაუვრცელა. თავის მხრივ, აღნიშნული ვიდეოები მან გოგონას დაშინებითა და შანტაჟის გზით მოიპოვა.
“[დაკავებულმა] გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ Facebook-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით დაზარალებული აიძულა, მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.
2024 წლის მაისში ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები“ ,— ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობილია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გოგონას დედამ მიმართა. უწყებამ დაკავებულის ჩხრეკისას მისი პირადი მობილურიდან ამოიღო 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებასა და გავრცელებას გულისხმობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
