დღეს, 11 ივნისს, მესამე მცდელობაზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში საჭიროზე ერთით მეტი, 77 დეპუტატი დარეგისტრირდა და სხდომა დაიწყო. მანამდე რეგისტრაციის პროცედურა 2-ჯერ გაიმართა, თუმცა კვორუმი ვერ შედგა. ამიტომ, თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. საბოლოოდ სხდომა 12-ის ნაცვლად 3-ზე, 3 საათის დაგვიანებით დაიწყო.
პირველად სარეგისტრაციო ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, მეორედ – 73. ბოლო ტექნიკური შესვენების დროს, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ სინამდვილეში დარბაზში 73-ზე ნაკლები დეპუტატი იყო. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთის ნაცვლად დარეგისტრირდნენ, რათა კვორუმის ილუზია შეექმნათ, თუმცა მაინც ვერ მოახერხეს.
აქუბარდიას ამის თქმა სხდომის გახსნის შემდეგად უნდოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა ამის საშუალება არ მისცა. მისი თქმით, რადგან აქუბარდიამ რეგისტრაცია არ გაიარა, ის მხოლოდ დე ფაქტოდ იმყოფებოდა დარბაზში, თუმცა სიტყვით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების დიდ ნაწილს ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ისინი საპარლამენტო სხდომებს არ ესწრებიან.
ამავე თემაზე: