ახალი ამბები

„ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას“ — კობახიძე

11 ივნისი, 2024 •
„ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას“ — კობახიძე

ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC 2024) ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ რამდენად შესაძლებელია, საქართველო წვლილს შეიტანს უკრაინის აღდგენაში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ქართველი ხალხი გამოირჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, — განუცხადა კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საქართველომ სხვადასხვა ფორმატში მხარი დაუჭირა 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას.

ასევე აღნიშნა ჰუმანიტარული დახმარება და ის ფაქტი, რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26 ათასს ლტოლვილს უკრაინიდან.

„განსაკუთრებით ვზრუნავთ უკრაინელ ბავშვებზე. მათთვის უზრუნველყოფილია უფასო განათლება, მათ შორის უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ მაქსიმალურად გამოვხატოთ თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ“, — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერის თქმით, ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები, რაც უკრაინელი ხალხის დახმარებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

„ეს [სირთულეები] გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გაძევება. ეს არ ყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის“, — დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს ამჯერად არ უსაუბრია „უკრაინიზაციაზე“, რომლის თავიდან აცილებასაც „ქართული ოცნება“ საკუთარ პასუხისმგებლობად და დამსახურებად აცხადებს.

ირაკლი კობახიძე მანამდე ამბობდა, რომ მაიდანმა უკრაინას მოუტანა გარედან ხელისუფლების დანიშვნა. მანამდე (ე.ი. პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების დროს — ნეტ.), კობახიძის შეფასებით, „უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი, დღეს ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის განადგურებული“.

„რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, ასობით ბავშვი და ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? როცა გვახსენებენ მაიდანს საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოს? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავშებთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ მიმდინარე წლის 5 ივნისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი