არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც მოსახლეობას სიმართლეს ეტყვის
ძალადობრივი მეთოდებით, რომელსაც წინა მთავრობა იყენებდა, ქვეყნის მართვა დამღუპველია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა, სადაც მან შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა პირველად იმართება დემოკრატიულად და როდესაც ადამიანებს ყოველდღიურად ესაუბრებიან მთავრობის უუნარობის შესახებ, მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ ეს შესაძლოა ასე იყოს, რისი გადამოწმების საშუალებაც არ გაქვთ.„არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში, ჩვენ უნდა გითხრათ სიმართლე პირდაპირ და მივიღო თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემები. ყველგან, ევროპაში, ამერიკაში, არსებობს ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროები. ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე აუცილებლად არის დამბალანსებელი. ჩვენთან ყველაფერი აბსოლუტურად უკუღმაა. ყველა მედიასაშუალება ორიენტირებულია მხოლოდ ნეგატივზე და მიყვებიან ჯალათების, სადისტების დღის წესრიგს. მჯერა, რომ ეს არის დროებითი. მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, მეტი სიკეთე, ცვლილებები და პროგრესი, რომელიც ქვეყანაში ხდება, და არა ჩხუბი, ნეგატივი ავტოავარიები, და მათი მუშაობის ხარისხიც დაიხვეწება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობა დაძაბულია, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში უამრავ პრობლემას გაუძლო და ყველას ვალია, ხალხს გაუფრთხილდეს. „ჩვენ უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ეს არის ჩვენი ქართული სახელმწიფო. არ შეიძლება, საკუთარი ოჯახის წევრს ყოველდღიურად ძალადობაზე, ქაოსზე, ნეგატივზე ესაუბრო. თუ ჩვენ ერთმანეთს რწმენა და უკეთესი მომავლის იმედი არ ჩავუსახეთ, ასე ვერ გავუძლებთ, ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებს. ეს უნდა შეიცვალოს. მჯერა, დროთა განმავლობაში ჩვენ ამას მივაღწევთ, მედიასაშუალება თავისუფალი, მაგრამ მიუკერძოებელი გახდება. როცა ჩვენ ვაშავებთ, უნდა გვითხრან, უნდა გააშუქონ მთავრობის შეცდომები, ხალხის პრობლემები, მაგრამ როცა მთავრობა აკეთებს მნიშვნელოვან რაღაცას ხალხისთვის – ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის მიმართულებით, კეთილი ინებონ და მიგვატანინონ სათქმელი ხალხამდე, რადგან ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ ხალხს და არა – მათ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში აბსოლუტურად უცნობი იყო. „არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია, ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს,მეც და ნებისმიერი მოქალაქეც ასე ვფიქრობთ. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიას, საწარმოს, სახლს თუ სხვას, რომელიც ასობით და ათასობით აქვთ წართმეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ჩვენ ამ პროცესს აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს – ქიბარ ხალვაშს შორის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ქიბარ ხალვაში 3 წლის განმავლობაში ცდილობდა დარღვეული უფლებების აღდგენას და ამ მიზნით ყველას მიმართა- პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს.„საქართველოში არის ათასობით ადამიანი, რომელთაც დაკარგეს საკუთარი ქონება, სახლები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება. გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, რატომ არის მხოლოდ “რუსთავი 2” ოპოზიციური? ასევე “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” არის ოპოზიციური – ყველანი ოპოზიციურები არიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ, იმდენი გვაკრიტიკონ, ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად, ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Posted by Irakli Garibashvili on Saturday, October 24, 2015
პრემიერის თქმით, გავრცელებული წამების კადრებით მათ კიდევ ერთხელ ამხილეს წინა ხელისუფლება, თუ როგორ აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს.
”ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად, მეგობრებო, თუ არ ვთქვით ”არა” ძალადობაზე, იმ ბნელ წარსულზე, რომელიც ქვეყანაში იყო 3 წლის წინ, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ქართულ სახელმწიფოში არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი. ის საშინელი, შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდენ, რომ კიდევ ერთხელ ვამხილეთ, მხილებულ იქნა წინა ხელისუფლება, თუ როგორ აუპატიურებდნენ, აწამებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქ, სამეგრელოში, მეგობრებო, და არა მხოლოდ სამეგრელოში – ყველა რეგიონში. ჩემი მინისტრობის დროს იქნა გამოძიებული ეს საქმეები. ჩვენ მაშინ გავხსენით მკვლელობის საქმეები, შეკვეთილი მკვლელობის საქმეები. გავხსენით წამების, გაუპატიურების საქმეები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.