ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს

9 ივნისი, 2024 •
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას გმობს.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნები 73 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათგან 71 უბანი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ორი ​​კი „სამხრეთ ოსეთის საელჩოში მოსკოვში“ და „ჩრდილოეთ ოსეთის საკონსულოში“ არის გახსნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი