“საქართველოს პრემიერ–მინისტრის 22 ოქტომბრის განცხადება ეჭვქვეშ აყენებს წამების კადრების გავრცელებისა და ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვის საკითხს,” – აცხადებს ომბუდსმენი.
პრემიერმა 22 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ნიკა გვარამიას განცხადება ჰგავდა პროვოკაციას, ხოლო წამების კადრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავრცელებულია. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი პროკურატურის სათანადო დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდისაგან, მსგავსი ტიპის განცხადებები ნდობას უკარგავს მიმდინარე გამოძიებას.
სახალხო დამცველი საუბრობს პრეზიდენტის 22 ოქტომბრის განცხადებაზეც, სადაც მარგველაშვილმა „რუსთავი 2“–ის საქმის განმხილველ მოსამართლეს მოუწოდა, არ მიეღი ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება.
“არ არის მართებული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისაგან რაიმე ფორმით სასამართლოსათვის მოწოდება მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,”– ამბობს ნანუაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე.
მისი განცხადებით, მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ როლს ამ პროცესებში.
“მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებაში ყველა მხარემ იგრძნოს პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისა თუ მოქმედებებისაგან, რომელმაც შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო მეტი დაძაბვა, ძალადობა და აგრესია გამოიწვიოს,”– აცხადებს ომბუდსმენი.
გარდა ამისა, ომბუდსმენი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ლადო სადღობელაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ძალადობისაკენ მოწოდების ფაქტზე გამოძება დაიწყო. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გააჩინონ დაუსჯელობის განცდა, დროული რეაგირება იქონიონ თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით და ამ სახით აღკვეთონ მათი სამომავლო განმეორების შესაძლებლობა.