ახალი ამბები

თსუ-ში მოშიმშილე სტუდენტების ჯგუფის ოპონენტები განცხადებას ავრცელებენ

22 ოქტომბერი, 2015 • • 1078
თსუ-ში მოშიმშილე სტუდენტების ჯგუფის ოპონენტები განცხადებას ავრცელებენ

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ყველა ჯგუფთან, მათ შორის სტუდენტურ თვითმმართველობასთან იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აღნიშნულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მოძრაობის მოთხოვნებია, სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად იქცეს საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობა, წლის ბოლომდე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ადმინისტრაციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების კომიტეტში შევიდეს ცვლილებები, სახელმწიფოსგან უნივერსიტეტს საბაზისო დაფინანსება გამოეყოს და ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის არსებული სადავო ობიექტები უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობა უკვე დიდი ხანია მსჯელობს ამ პრობლემებზე და ითხოვს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტისგან უკურეაქციას. მათ 14 სექტემბერს ამავე მოთხოვნებით აქციაც გამართეს, რომელსაც სტუდენტურმა თვითმმართველობამ მხარი არ დაუჭირა.

სტუდენტური თვითმმართველობის მიერ 20 ოქტომბერს დაწყებული აქცია გუშინ საღამოს შიმშილობის აქციით გაგრძელდა. სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვს. ორგანიზატორების თქმით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ.

როგორც ვლადიმერ პაპავამ გუშინ განაცხადა, ის არ აპირებს გადადგომას, რადგანაც, მისი თქმით, ეს უნივერსიტეტის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.


სტუდენტური თვითმმართველობა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადის მოხსნას, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას, ადმინისტრაციის რეორგანიზებას, ბიუჯეტის გადახედვას, უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან დათხოვნას, ლიტერატურის თარგმნასა და ინგლისური ენის სწავლების დაწყებას სერიოზულ დონეზე, ტენდერებისა გამჭვირვალობას, უნივერსიტეტის დეცენტრალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების მეტ ჩართულობას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი