შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 08:36 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა სასიგნალო შეტყობინება დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს.

როგორც შსს აცხადებს, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით დაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.

2014 წელს დევდორაკის ხეობაში მოვარდნილ ღვარცოფს  7 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შემდეგ ხეობაში გაფრთხილების სისტემა დაამონტაჟეს.