ახალი ამბები

პრემიერი გვარამიას განცხადებაზე: ეს პროვოკაციას ჰგავს, თუმცა საქმე უნდა გამოიძიონ

22 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერი გვარამიას განცხადებაზე: ეს პროვოკაციას ჰგავს, თუმცა საქმე უნდა გამოიძიონ

პრემიერის თქმით, მას გუშინ ჰქონდა მთავარ პროკურორთან საუბარი, რომელმაც უკვე დაიწყო გვარამიას განცხადებაზე საქმის შესწავლა და გამოძიება.

 

”მე გუშინ მოვისმინე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დირექტორის გაუგებარი განცხადება, თუმცა მე გუშინვე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმის შესწავლა და ძიება დაიწყო. ეს, ერთი შეხედვით, ჰგავს პროვოკაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ ბოლომდე და გამოიძიონ. ამ ადამიანს თუ ვინმე მართლა რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია ჩვენც ვიცოდეთ, თუმცა მე ვერ შევატყე. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაიმე დასამალი აქვს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

 

საქართველოს მთავრი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.

 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”–ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით, ასევე, ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე მუქარით დააშანტაჟეს.

 

გვარამიას განცხსდებით, მას წყარომ, რომელიც სახელისუფლებო მესიჯებს აწვდის ხოლმე, დღეს უთხრა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ხვალ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ხოლო მისი აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.

 

გვარამიას თქმით, იმავე წყარომ მას უთხრა, რომ იგი ”გვერდზე უნდა გადგეს”.

 

”მე ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებ. ამის საპასაუხოდ მითხრეს, რომ შემდეგ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ, არ უნდა დამავწიწყდეს, რომ არსებობს ჩემი ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა ჩაწერილი. მე მგონია, რომ შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა არის საუბარი,” – თქვა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი