ახალი ამბები

ასადი პუტინს მოსკოვში შეხვდა

21 ოქტომბერი, 2015 •
ასადი პუტინს მოსკოვში შეხვდა

“მადლობა იმისთვის, რომ თქვენს ქვეყანაში არსებული დრამატული სიტუაციის მიუხედავად, გამოეხმაურეთ ჩვენს თხოვნას და ჩამობრძანდით რუსეთში,” – მიმართა ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს.

 

პუტინის თქმით, სწორედ ასადის თხოვნით მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება და “ეფექტურად ეხმარება სირიელ ხალხს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც სირიის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღა”. 

 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიელი ხალხი პრაქტიკულად მარტო ებრძვის საერთაშორისო ტეროტირიზმს უკვე რამდენიმე წელია და აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი ამ ბრძოლაში.

 

“საერთაშორისო ტერორიზმის მცდელობა, რომ თავის კონტროლქვეშ მოაქციოს ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მოახდინოს რეგიონში დესტაბილიზაცია, იწვევს ლეგიტიმურ შეშფოთებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს ჩვენც, რუსეთსაც გვაღელვებს იმის გათვალისწინებით, რომ, სამწუხაროდ, სირიის ტერიტორიაზე იარაღით ხელში იბრძვის სახელისუფლებო ჯარის წინააღმდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები და მათი რაოდენობა მინიმუმ 4000-ს აღწევს. ჩვენ, ცხადია, ვერ დავუშვებთ, რომ ისინი მიღებული საბრძოლო გამოცდილებითა და იდეოლოგიური დამუშავების შემდეგ გამოჩნდნენ რუსეთის ტერიტორიაზე,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

თავის მხრივ, ბაშარ ასადმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის.

 

“ტერორიზმი, რომელიც ახლაა გავრცელებული რეგიონში, თქვენი მოქმედებებისა და თქვენი გადაწყვეტილების გარეშე უფრო დიდ ფართობს მოიცავდა და გავრცელდებოდა უფრო დიდ ტერიტორიაზე,” – განაცხადა ასადმა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო სირიაში სამხედრო ოპერაციების განხორციელების გადაწყვეტილება. კრემლის განცხადებით, სამიზნე ტერორისტული გაერთიანება ისლამური სახელმწიფოა, თუმცა დასავლეთის ცნობით, რუსეთის მიერ იბომბება ის ადგილები, სადაც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ოპოზიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.

ასადის და პუტინის შეხვედრა კრემლში, 20.10.2015
ასადის და პუტინის შეხვედრა კრემლში, 20.10.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი