ახალი ამბები

კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ფინანსებს დამოუკიდებელი აუდიტი ამოწმებს

20 ოქტომბერი, 2015 •
კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ფინანსებს დამოუკიდებელი აუდიტი ამოწმებს

სფფ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მედიის, საზოგადოების და გულშემატკივრების მიმართ იყოს გახსნილი და მიმდინარე პროცესებზე ხმამაღლა ისაუბროს: “სწორედ ამიტომ, დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო რიგ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, არჩევნების პერიოდში მე წარვადგინე ფეხბურთის განვთარების ჩემი ხედვა. ამ ეტაპზე ვახდენ არსებული სიტუაციის ანალიზს და შესწავლას იმისათვის, რომ ჩემი ხედვა და სტრატეგია გახდეს უფრო კონკრეტული და განხორციელებადი.”

 

როგორც კობიაშვილი ამბობს, ფედერაციაში დღეს საკმაოდ მძიმე მდგომაროებაა. მისი თქმით, ფედერაციას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის და უეფას მიმართ:

 

“ჩემი გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ფედერაციაში მუშაობს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც ამოწმებს ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებს. ასევე ჩვენ ვსწავლობთ ყველა მიმდინარე ხელშეკრულების იურიდიულ საფუძვლებს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მოვახდინოთ ყველა არამიზნობრივად გაფორმებული კონტრაქტის და თანხების მობილიზება და მიმართვა სწორი მიმართულებით.”

 

კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციაში სისტემურ ცვლილები ხორციელდება: “ამაზე ვსაუბრობდი წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ჩემ მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება ფედერაციაში მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება. იგეგმება სტრუქტურის რეორგანიზაცია და შემუშავდება კარგი მმართველობის პრინციპი, რომელიც დაეფუძნება ინოვაციურობას, გუნდურობას, გამჭვირვალობას, სამართლიანობას, შრომისუნარიანობას. ამ მიმართულებითაც დღეს ვახდენთ ვითარების შესწავლას და უახლოეს მომავალში დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.”
 

ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი. © GFF
ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი. © GFF

მასალების გადაბეჭდვის წესი