ახალი ამბები

“თუ მოვლენ, აქ დავხვდებით” – ბათუმში ენმ-ის ოფისთან აქციას აანონსებენ

20 ოქტომბერი, 2015 •
“თუ მოვლენ, აქ დავხვდებით” – ბათუმში ენმ-ის ოფისთან  აქციას აანონსებენ

 

ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჯემალ დუაძე ამბობს, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და მოითხოვენ ამ პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.

 

„დღეს შევეცდებით შევიდეთ პარტიის ოფისში და ავუხსნათ პარტიის ხელმძღვანელებს ჩვენი პოზიცია. ოფისში შევა საინიციატივო ჯგუფი“, – ამბობს ჯემალ დუაძე. თუ არ შეგიშვებენ ოფისში, მაშინ რას აპირებთ? – ამ კითხვის პასუხად ჯემალ დუაძე ამბობს, რომ „შესვლას შეეცდებიან“.

 

ჯემალ დუაძის თქმით, „თავისუფალი თაობა“ ბათუმიდან დღეს თუ არა ხვალ გადაინაცვლებს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან და იქ დაიწყებენ შიმშილობას იმავე მოთხოვნით – აეკრძალოს ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური საქმიანობა.

 

ნაციონალური მოძრაობის აჭარის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ მათთვის დაგეგმილი აქციის შესახებ სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი.

 

ირაკლი თავართქილაძე: „თუ მოვლენ, აქ დავხვდებით… ჩვენ 15:30 საათზე პრევენციულად დავურეკავთ პოლიციას და შევატყობინებთ, რომ მოვდნენ და დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ან კვერცხებს ისვრიან ოფისის მიმართულებით, ან საღებავებს. არ ვიცი. ჩვენ ვართ მუშა პროცესში, დღეს ოფისის საგამოფენო სივრცეში ორი ბათუმელელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა იგეგმება“.

 

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, როგორც ორგანიზატორები უწოდებენ, „გამაფრთხილებელი აქცია“ ბათუმში გუშინაც გაიმართა. გუშინ აქციის მონაწილეებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარის აჭედვა სცადეს, მაგრამ მათ ამაში ხელი პარტიის წარმომადგენლებმა შეუშალეს. შს სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსი არ დაურღვევიათ.

 

გუშინ საპროტესტო აქციები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ბათუმის გარდა კიდევ სამ ქალაქში გაიმართა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი